მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სააგენტოში ერთი მმართველობითი საბჭოს ჩამოყალიბება მიზანშეწონილია - გოგა მელიქიძე

საპენსიო სააგენტო

საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი მიიჩნევს, რომ სააგენტოში დღეს მოქმედი ორი, საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების გაერთიანება და ერთი მმართველობითი ორგანოს ჩამოყალიბება სწორი გადაწყვეტილებაა.

როგორც გოგა მელიქიძემ BMG-ის განუცხადა, საერთაშორისო პრაქტიკის მსგავსად, ფინანსურ ორგანიზაციებს ერთი მმართველობითი საბჭო ჰყავთ და მსგავსი მიდგომა საქართველოშიც უნდა დაინერგოს.

რაც შეეხება დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, საბჭოს წევრების დაკომპლექტებაში პარლამენტის როლი მცირდება, ხოლო მთავრობის იზრდება, გოგა მელიქიძე აცხადებს, რომ მსგავსი დეტალების განხილვაში თავად ჩართული არ ყოფილა.

„როდესაც საპენსიო რეფორმა იწყებოდა, მესმის რატომ გადაწყდა ორი საბჭოს არსებობა. მაშინ ჩაითვალა, რომ ასე აჯობებდა რისკების დაცვის მიმართულებით. თუმცა ახლა ხუთი წელი გავიდა და დროა, ეს მიმართულება მოწესრიგდეს. ორი საბჭო სამუშაოდ მართლაც კომპლექსური და რთულია. ასეთი მოწყობა არსად არაა და საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ყველა ფინანსურ ინსტიტუტს ერთი მმართველობითი ორგანო ჰყავს, რომელიც სხვადასხვა კომიტეტებს აერთიანებს. რამდენი წევრისგან დაკომპლექტდება ეს საბჭო და როგორ აირჩევა მისი წევრები, ეს სრულად საპენსიო რეფორმაზე პასუხისმგებელი უწყების, ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა და ჩვენ ამ ნაწილში ჩართულები არ ვყოფილვართ“, - განაცხადა გოგა მელიქიძემ.

ამასთან, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებების მიხედვით, მოქალაქეებს კერძო აქტივების მმართველ კომპანიებში დანაზოგების გადატანის უფლება აღარ ექნებათ, კვლავ რჩება შესაძლებლობა, რომ საინვესტიციო სამსახურმა მსგავსი კომპანიების მომსახურებით ისარგებლოს.

„ჩემი აზრია, რომ გარე აქტივების მმართველი კომპანიების არსებობა ქვეყნისთვის და კონკურენციისთვის კარგია. თუმცა ეს საკითხი ჩვენ ნაკლებად გვეხება და საინვესტიციო სამსახური ჩვეულებრივად გავაგრძელებთ მონაწილეების დანაზოგების მართვას. მართალია, უშუალოდ მონაწილეების მიერ ინდივიდუალურად თანხების სხვა კომპანიაში გადატანის შესაძლებლობა აღარ იქნება, თუმცა კანონში რჩება 28-ე მუხლი. ამ მუხლის თანახმად ჩვენ შევძლებთ, რომ აუთსორსზე გავიტანოთ რომელიმე აქტივის კლასი. მაგალითად, თუკი უძრავ ქონებაში ინვესტირება მოგვინდება და ქვეყანაში ამ მიმართულებით კარგი აქტივების მმართველი კომპანია გამოჩნდება, შეგვიძლია, რომ მას დაველაპარაკოთ“, - განაცხადა გოგა მელიქიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა უკვე დაიწყო ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებების განხილვა, რომლის მიხედვითაც საპენსიო სააგენტოს მმართველობის სისტემა მნიშვნელოვნად იცვლება. კერძოდ, დღეს სააგენტოში მოქმედი ორი, სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოების ნაცვლად, ერთიანი მმართველობითი ორგანო ჩამოყალიბდება, რომელსაც 9-დან 15 წევრამდე ეყოლება. ამასთან, აღნიშნულ საბჭოში წევრთა დაკომპლექტების საკითხი პარლამენტიდან საქართველოს მთავრობაზე გადადის. საინვესტიციო საბჭოს წევრებისგან განსხვავებით, რომელთაც პარლამენტი ამტკიცებს, ახალი საბჭოს წევრებს პრემიერ-მინისტრი დაამტკიცებს.

კიდევ ერთი ცვლილება საპენსიო აქტივების მმართველის არჩევის უფლების შეზღუდვას უკავშირდება. 2025 წლიდან მოქალაქეებს მიეცემოდათ შესაძლებლობა საკუთარი საპენსიო დანაზოგი ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებულ სხვა აქტივების მმართველ ფონდებშიც გადაეტანათ, თუმცა ახალი კანონპროექტით ეს უფლება უქმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები