საპენსიო სააგენტოს ყოფილი მთავარი საინვესტიციო ოფიცრის შეფასებით, მმართველობითი საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილება საბჭოს დამოუკიდებლობის ხარისხს ამცირებს.
საქმე ისაა, რომ “დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში 2024 წლის ივნისში შესული ცვლილებების თანახმად, საპენსიო სააგენტოს მმართველობით სტრუქტურა იცვლება. შედეგად, საქართველოს საპენსიო ფონდში ნაცვლად არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებისა იქმნება უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო - მმართველობითი საბჭო. ის 9 წევრისგან შედგება, რომელთაგან 8-ს ღია კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ხოლო ერთი თანამდებობრივი წევრია.
როგორც გოგა მელიქიძემ BMG-ის განუცხადა, სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოების გაერთიანება სწორი ნაბიჯია, თუმცა გარკვეულ რისკებს ის გარემოება ქმნის, რომ ერთიანი მმართველობითი საბჭოს წევრების დანიშვნის უფლებამოსილება პრემიერზე გადადის.
მისივე შეფასებით, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატის გაფართოება და ლიმიტების გაზრდაც სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა მთავარი საკითხია, თუ როგორ დაკომპლექტდება მმართველობითი საბჭო.
“საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების გაერთიანება სწორი ნაბიჯია, თუმცა აქ კითხვაა, ვინ იქნება ამ საბჭოს შემადგენლობაში, ვინ ჩაიბარებს და მართავს ამ თანხებს? ის რომ კონსერვატიული პორტფელიდან 15% უნდა ჩაიდოს სხვა აქტივებში ანუ არალიკვიდურ აქტივებში ეს სწორია. მაგალითად, პოლონურ საპენსიო ფონდში მსგავს აქტივებს 60% უჭირავს. თუმცა კონკრეტული პროექტების დონეზე გადაწყვეტილებას მმართველობითი საბჭო მიიღებს.
რისკი რაში მდგომარეობს? აქამდე საბჭოს წევრებისთვის ნდობა ცხადდებოდა უფრო ჰორიზონტალურ დონეზე, საპარლამენტო კომიტეტები უცხადებდნენ ნდობას საინვესტიციო საბჭოს წევრებს. ცვლილებების მიხედვით კი პრემიერი ნიშნავს საბჭოს წევრებს და ათავისუფლებს, რაც დამოუკიდებლობის ხარისხს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ზოგადად საბჭოს დამოუკიდებლობის ხარისხს ასუსტებს”, - განაცხადა გოგა მელიქიძემ.
ცნობისთვის, "დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში 2024 წლის ივნისში შევიდა სადავო ცვლილებები საპენსიო სააგენტოს მმართველობით სტრუქტურაში. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცვლილებებს "საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა" უწოდა და "არც ხელი მოაწერა და არც ვეტო დაადო". ამის შემდეგ კი კანონში ცვლილებები საბოლოოდ პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით შევიდა ძალაში.
საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი 11 დეკემბერს გამოცხადდა.