საქართველოში 295 ათას პენსიონერს და სოციალური შემწეობის მიმღებს საპენსიო სესხი აქვს აღებული - ამის შესახებ “ლიბერთი ბანკის” მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი 2024 წლის მეოთხე კვარტალის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საპენსიო სესხის მომხმარებელთა რაოდენობა ₾53 ათასით არის შემცირებული.
სესხების მთლიანი რაოდენობის შემცირების მიუხედავად, გაზრდილია საკრედიტო პორტფელის ზომა და ის 424 მილიონ ლარს შეადგენს, მაშინ როდესაც 2024 წლის მეოთხე კვარტალში ის 405 მილიონ ლარს შეადგენდა. ეს მთლიანად ლიბერთი ბანკის საკრედიტო პორტფელის 3.54 მილიარდი ლარის 12%-ია.
ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ერთი საპენსიო სესხის საშუალო ზომა 1,438 ლარია.
ამასთან, მეოთხე კვარტალის განმავლობაში გაცემული საპენსიო სესხების საშუალო შეწონილი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 24.4%-ს შეადგენდა. სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ ამ კრედიტების საშუალო ეფექტური განაკვეთი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.2 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
ლიბერთი ბანკის სტატისტიკის თანახმად, საპენსიო სესხების საშუალო ვადიანობა 32 თვეს, ანუ 2 წელსა და 8 თვეს შეადგენს.