პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში დღეს მოქალაქეების და პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით იმსჯელებენ. საქმე ისაა, რომ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით, რომლებსაც “ლიბერთი ბანკი“ გასცემს, საკომიტეტო მოსმენის გამართვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა მოითხოვეს.
სხდომას დღეს სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც დაესწრება.
თავის მხრივ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეც მიიჩნევს, რომ საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთი და ვალის ტვირთი მაღალია, მაგრამ ანტისაბანკო განწყობების გაღვივებას ხელი არ უნდა შეეწყოს.
„სახელმწიფოს ამოცანაა, რომ ჩვენს 800 000 პენსიონერს ყოფა შევუმსუბუქოთ და მათი მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არ გავაღვივოთ ანტისაბანკო განწყობები, როგორც კონკრეტული ბანკის, ასევე მთლიანად საბანკო სექტორის მიმართ იმ დროს, როცა ქვეყანაში პანდემია და ეკონომიკური კრიზისი გვაქვს, მაშინ როდესაც საბანკო სექტორი მთლიანობაში ინარჩუნებს მდგრადობას და მომავალში ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი საფუძველი გახლავთ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მოხდება დღევანდელი სხდომის ჩატარება და საკითხების განხილვა“, - განაცხადა კოვზანაძემ.




























