საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონერებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კომერციული ბანკები პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემელის საფუძველზე მომხმარებელს სესხს შესთავაზებს ვეღარ შეძლებენ. მარეგულირებელში განმარტავენ, რომ ცვლილების მიზანი გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ჭარბვალიანობისგან ე.წ. მოწყვლადი ჯგუფების დაცვაა.
საქართველოში პენსიით უზრუნველყოფილ სესხებს ძირითადად „ლიბერთი“ გასცემს, სადაც პენსიონერ და სხვა სოციალურად დაუცველ ჯგუფებს შემწეობები და პენსიები ერიცხებათ. ამიტომ გადაცემა „წერტილში“ „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილესა და ფინანსური დირექტორთან საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ ახალი რეგულაცია იყო. გადაცემის წამყვანმა თელარა გელანტიამ ვახტანგ ბაბუნაშვილს ჰკითხა - რამდენად სამართლიანად მიაჩნიათ "ლიბერთიში", მარეგულირებლის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება, რაზეც ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ვრცელი პასუხი გასცა და განაცხადა, რომ ცვლილებასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი აქვთ.
„მოდით განვსაზღვროთ, რა პირობებით გაიცემა საპენსიო სესხები პენსიონერებზე: პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ საპენსიო სესხები დღეისთვის ისტორიულად ყველაზე დაბალ პროცენტშია და ეს 26%-ია. იყო პერიოდი, როდესაც მართლაც სასწაულ ნიშნულამდე ადიოდა საპროცენტო განაკვეთი, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, რაც „ლიბერთი ბანკს“ ახალი აქციონერი და მენეჯმენტის გუნდი ჰყავს, რადიკალური ცვლილებები მოხდა. ჩვენი აზრით, 26% სამართლიანია, რადგან ნებისმიერ კლიენტს 1000 ლარამდე არაუზრუნველყოფილი სესხის აღება თუ უნდა, ყველანაირი საკომისიოს გათვალისწინებით ეფექტური განაკვეთი მინიმუმ 26% გამოდის, თუ უფრო მეტი არა. ამას თუ იმ ფაქტორს დავუმატებთ, რომ გარდაცვალების შემთხვევაში, მის მეგობრებს არაფერი მოეთხოვებათ და ასევე ამ კლიენტებს ბარათით სარგებლობის მომსახურება და სხვა კომუნალური მომსახურებები არ მოეთხოვებათ. ვთვლით, რომ ეს ძალიან სამართლიანი განაკვეთია; კიდევ ერთი ფაქტორი - საპენსიო კლიენტების კრედიტები „ლიბერთის“ გარეთ რომ გავაანალიზოთ, ეს დაახლოებით 2 მლრდ ლარია. ამიტომ ჩნდება კითხვა - რატომ მხოლოდ საპენსიო სესხები და არა სხვა პროდუქტებზე რეკლამირების შეზღუდვა?
ჩვენ ვთვლით და ექსპერტთა დიდი ნაწილი გვეთანხმება, რომ 26% სამართლიანია და ამ კლიენტებს კრედიტებზე დიდი აპეტიტიც კი აქვთ, ასე რომ კითხვის ნიშნები ბევრია“, - განაცხადა ვახტანგ ბაბუნაშვილმა.
კითხვაზე - რაზე ესაუბრება ბანკი მარეგულირებეს, „ლიბერთის“ გენერალური დირექტორის მოადგილე პირდაპირ არ პასუხობს, თუმცა იმედოვნებს, რომ საკითხი სამართლიანად გადაწყდება.
„ამაზე დიალოგი მიდის. იმედია აღვადგენთ და სამართლიანად დავალაგებთ ბოლომდე. პირიქით, „ლიბერთის“ სესხს სტიმულირებასაც კი გავუკეთებდი, რადგან იქ არ არის საკომისიო, საპროცენტო განაკვეთი 26%-ია და ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებასთან ერთად ეს განაკვეთი კიდევ ქვევით ჩამოვა“, - აღნიშნავს ის და დასძენს: „კლასიკური რეკლამით, „ლიბერთი“ არასდროს აქტიური არ ყოფილა, ალბათ არსად შეგხვედრიათ ბილბორდი ან რეკლამა, სადაც საპენსიო სესხების რეკლამირება ხდება, პირიქით მოწყვლად ფენას ინკლუზიურობა სჭირდება იმაზე, თუ რა ტიპის ალტერნატივები აქვს და ამ ნაწილში შეზღუდვა, მაინცდამაინც ლოგიკურად არ მეჩვენება“, - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ და ფინანსური დირექტორმა ვახტანგ ბაბუნაშვილმა.
ცნობისთვის: საქართველოში პენსიით/სოციალური გასაცემლებით უზრუნველყოფილ კრედიტებს "ლიბერთი ბანკი" გასცემს. ბანკის მესამე კვარტალის ანგარიშის მიხედვით, 354 ათას პენსიონერს და სოც. შემწეობის მიმღებს საპენსიო სესხი აქვს აღებული. 2023 წლის მესამე კვარტალში საპენსიო სესხების მთლიანი პორტფელი 1 მილიონი ლარით შემცირდა და მან 401 მილიონ ლარს მიაღწია. ეს მთლიანად ლიბერთი ბანკის საკრედიტო პორტფელის 2.6 მილიარდი ლარის 15.5%-ია.
"ლიბერთი ბანკის" ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ერთი საპენსიო სესხის საშუალო ზომა 1,132 ლარია.
ამასთან, მესამე კვარტალის განმავლობაში გაცემული საპენსიო სესხების საშუალო შეწონილი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 29.4%-ს შეადგენდა. სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ ამ კრედიტების საშუალო ეფექტური განაკვეთი წინა წელთან შედარებით 5.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
ინფორმაციისთვის, 2022 წლის მაისში “ლიბერთი ბანკმა” სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და მომდევნო 7 წლით პენსიების გაცემის უფლება მოიპოვა. ამ სერვისში ბანკი სახელმწიფოსგან წელიწადში 15 მილიონ ლარს, ანუ ჯამში 105 მილიონ ლარს მიიღებს.
მაჩვენებელი მოიცავს როგორც ასაკით პენსიონერთა, ისე სოციალური პენსიების მიმღებთა მაჩვენებელს