საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება.
სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს სესხს შესთავაზებს. ცვლილების მიზანია ე.წ. მოწყვლადი ჯგუფების დაცვა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ჭარბვალიანობისგან. აღნიშნული ხელს შეუწყობს მომხმარებლებზე მეტად მორგებული გარემოს ჩამოყალიბებას და მათი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვას.
საქართველოში პენსიით/სოციალური გასაცემლებით უზრუნველყოფილ კრედიტებს "ლიბერთი ბანკი" გასცემს. ბანკის მესამე კვარტალის ანგარიშის მიხედვით, 354 ათას პენსიონერს და სოც. შემწეობის მიმღებს საპენსიო სესხი აქვს აღებული. 2023 წლის მესამე კვარტალში საპენსიო სესხების მთლიანი პორტფელი 1 მილიონი ლარით შემცირდა და მან 401 მილიონ ლარს მიაღწია. ეს მთლიანად ლიბერთი ბანკის საკრედიტო პორტფელის 2.6 მილიარდი ლარის 15.5%-ია.
"ლიბერთი ბანკის" ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, რომ ერთი საპენსიო სესხის საშუალო ზომა 1,132 ლარია.
ამასთან, მესამე კვარტალის განმავლობაში გაცემული საპენსიო სესხების საშუალო შეწონილი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 29.4%-ს შეადგენდა. სტატისტიკიდან ირკვევა ისიც, რომ ამ კრედიტების საშუალო ეფექტური განაკვეთი წინა წელთან შედარებით 5.5 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
ინფორმაციისთვის, 2022 წლის მაისში “ლიბერთი ბანკმა” სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში კიდევ ერთხელ გაიმარჯვა და მომდევნო 7 წლით პენსიების გაცემის უფლება მოიპოვა. ამ სერვისში ბანკი სახელმწიფოსგან წელიწადში 15 მილიონ ლარს, ანუ ჯამში 105 მილიონ ლარს მიიღებს.
მაჩვენებელი მოიცავს როგორც ასაკით პენსიონერთა, ისე სოციალური პენსიების მიმღებთა მაჩვენებელს.