„ლიბერთი ბანკის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი ვაჟა მენაბდე განმარტავს, რომ ხანდაზმული ასაკის მსესხებლებისთვის 15%-ის ეფექტური განაკვეთის დაწესება არარეალისტურია.
მენაბდე გადაცემა „საქმის კურსის“ ეთერში გამოეხმაურა ოპოზიციონერ გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ლიბერთი ბანკში" საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე მაგალითად, სხვა მოქალაქეებისათვის გაცემული მცირე ზომის სამომხმარებლო სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც სხვადასხვა ბანკში 15%-დან იწყება. „ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ყველაზე ძვირ სესხს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი - პენსიონერები იღებენ“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
„15%-იან საპროცენტო განაკვეთს რაც შეეხება, ვინც ამას ამბობს, ბანკები გამოკითხოს და გაიგოს კარგად, რა შეთავაზებები შეიძლება მათ ჰქონდეთ. ეს არარეალური პროცენტია. ხარჯსაც კი ვერ დაფარავს, თავი რომ დავანებოთ მომსახურეობის ღირებულებას. თუკი სხვა ბანკი გასცემს საპენსიო კრედიტებს, ეს პრობლემას რეალურად ვერ და არ მოაგვარებს, რადგან გაჩნდება სხვა საქონლის ღირებულების საკითხი.
საუბარი მაქვს კომუნალურ გადასახადებზე, ბარათით თანხის განაღდების საკომისიოზე, რომელიც არ გვაქვს და ანგარიშის გახსნა. ამ ყველაფერს ჩვენი მომხმარებელი იღებს უფასოდ: ბარათი უფასოდ, ანგარიში უფასოდ, განაღდება უფასოდ, კომუნალური გადასახადები უფასოდ. შესაბამისად, როცა ვლაპარაკობთ გაუმჯობესებაზე, ეს ეხება 300-350 ათას მსესხებელს, ხოლო არ ვსაუბრობთ 600 ათასზე მეტ არამსესხებელზე, რომელსაც გაუუარესდება პირობები - რასაც დღეს იღებენ უფასოდ, ფასიანი მომსახურეობით ისარგებლებენ. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის. ტენდერში გამარჯვებისთვისაც და ტენდერის დათმობისთვისაც, კონკურენციამ დაარეგულიროს ყველაფერი. უბრალოდ, ვინც ამას წყვეტს, დაფიქრდეს, საერთო ჯამში, რა პლიუსები და მინუსები აქვს ამ ცვლილებებს“, - განაცხადა მენაბდემ.



























