მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საპენსიო შენატანების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდა - რა შენიშვნები აქვს ბიზნესს

საპენსიო ფონდი

დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე კონტროლი მკაცრდება. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების თანახმად, 1 მაისიდან საპენსიო ფონდის და შემოსავლების სამსახურის დეკლარაციის ბაზა ერთიანდება.

დეკლარირება შემოსავლების სამსახურში მოხდება და ეს იქნება საპენსიო სააგენტოს ინფორმაციის წყარო. საპენსიო ფონდს კი შეეძლება დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის კომპანიები დააჯარიმოს. პირველ ჯერზე ჯარიმა 500 ლარი იქნება, განმეორების შემთხვევაში კი 1000 ლარი.

კერძო სექტორის წარმომადგენლების ნაწილს ცვლილებებთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს და მიიჩნევს, რომ დაჯარიმების მექანიზმი დასახვეწია.

როგორც BMG-სთან ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაცია "რაციოს" და მენეჯერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნანა ახალაიამ განაცხადა, მთავარი პრობლემა ის ნორმაა, რომლის მიხედვითაც კომპანიას იმ შემთხვევაშიც შეიძლება დაეკისროს ჯარიმა, თუკი მომდევნო პერიოდში დეკლარაციას თავად დააზუსტებს და არასრულად გადახდილ საპენსიო შენატანს სრულად დაფარავს.

„მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ საპენსიო სააგენტოს ელექტრონული ვებგვერდიდან დეკლარაციას აღარ გადავაგზავნით და მხოლოდ ერთი, საშემოსავლო დეკლარაციის გადაგზავნა მოგვიწევს და იქვე ჩავწერთ საპენსიო შენატანის თანხებს, რაც მისასალმებელია. თუმცა ბიზნესისთვის პრობლემური ჯარიმები. 1 მაისიდან თუკი თვის განმავლობაში განხორციელებულ შენატანზე კომპანიას 15 რიცხვამდე არ ექნება თანხა გადარიცხული და საშემოსავლო დეკლარაცია გაგზავნილი, ამ შემთხვევაში დამსაქმებელი 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებით 1000 ლარით.

ვფიქრობ, კორექტირების შესაძლებლობა ჯარიმის გარეშე უნდა იყოს, ვიდრე საპენსიო სააგენტო შეამოწმებს. შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე საშემოსავლო დეკლარაციის მიმართულებით კორექტირების საშუალება გვაქვს და ამ ნაწილშიც ვფიქრობ, გარკვეულ დათმობებზე უნდა ვიმსჯელოთ. პრაქტიკიდან გამომდინარე, ყოველთვისაა კორექტირება საჭირო და ამ ცვლილებებით ფაქტობრივად, ბუღალტრებს შეცდომის დაშვების უფლებას აღარ ვაძლევთ. ვფიქრობ, დეკლარაციის კორექტირებაზე ჯარიმა არ უნდა იყოს, თან ამ მოცულობის“, - განაცხადა ნანა ახალაიამ.

ცნობისთვის, "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში შესული ცვლილებები საპენსიო სააგენტოს სახელის ცვლილებასაც ითვალისწინებს. უფრო დეტალურად, სსიპ საპენსიო სააგენტოს სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი ეწოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები