მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპენსიო სისტემის თითოეული მონაწილის საშუალო დანაზოგი 5,562 ლარია

ფული

საქართველოს საპენსიო ფონდმა 2026 წლის იანვრის მდგომარეობით ფონდის ზომის შესახებ გამოაქვეყნა ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, სისტემის მონაწილეთა რაოდენობაა 1,528,734, ხოლო ფონდის მთლიანი ზომა 8.5 მილიარდ ლარს შეადგენს. შესაბამისად, საპენსიო სისტემის საშუალო მონაწილის მიერ დაზოგილი თანხის მოცულობა 5,562 ლარს შეადგენს.

საპენსიო ფონდის ინფორმაციით, 8.5 მილიარდი ლარის პორტფელიდან 2.4 მილიარდი ლარი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობით მიღებულ ამონაგებს წარმოადგენს. საპენსიო ფონდის აქტივების ზომა გასული თვის განმავლობაში 300 მილიონი ლარით გაიზარდა.

დაგროვებითი საპენსიო სისტემით დაზოგილ თანხებს მოქალაქეები საპენსიო ასაკის მიღწევისას, საბაზო სახელმწიფო პენსიებთან ერთად მიიღებენ, შესაბამისად, ეს მეორე საფეხურის პენსიებს წარმოადგენს. მამაკაცებისთვის საპენსიო ასაკი 65 წელს შეადგენს, ხოლო ქალებისთვის 60 წელს, შესაბამისად დაგროვებით სისტემაში კაცებს 5 წლით მეტი ხნის განმავლობაში უწევთ დაზოგვა ვიდრე ქალებს სანამ დაგროვებით პენსიას მიიღებენ.

არსებული მდგომარეობით, მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების 98.5%, ანუ 8.4 მილიარდი ლარი დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში არის განთავსებული. აღნიშნული პორტფელის 80.2% ქართული ლარის საინვესტიციო აქტივებში არის ინვესტირებული, 19.8% ანუ 1.66 მილიარდი ლარი კი უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული. ამ თანხიდან 1.6 მილიარდი ლარი საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე არის განთავსებული. რაც შეეხება ლარის აქტივებს, ის ძირითადად ქართული ბანკების მიერ გამოშვებულ სადეპოზიტო სერტიფიკატებში არის განთავსებული.

მოქალაქეებს იუსტიციის სახლში მიმართვით ან საპენსიო სააგენტოში მიმართვით საკუთარი საპენსიო დანაზოგის საინვესტიციო პორტფელის ცვლილება შეუძლიათ, თუმცა ამ შესაძლებლობით მხოლოდ 10 ათასმა ადამიანმა ისარგებლა.

მოქალაქეთა დანაზოგები ასე ნაწილდება:

  • კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი - 1,518,646 მოქალაქე, 8,400,000,000 ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 5,531 ლარი;
  • დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელი - 5,155 მოქალაქე, 48,600,000 ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 9,428 ლარი;
  • დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი - 4,933 მოქალაქე, 54,600,000 ლარი, ერთ პირზე საშუალოდ 11,068 ლარი;
  • ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი - 5,562 ლარი.

საქართველოში მოქმედი დაგროვებითი საპენსიო კანონმდებლობის თანახმად, ყველა დამსაქმებელი ვალდებულია მისი დასაქმებულები ჩართოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში. დასაქმებულთა ხელფასის 2%-ის ტოლი შენატანის კონტრიბუციის ვალდებულება აქვს დამსაქმებელს, ასევე 2% იხდება დასაქმებულის მიერ, ხოლო 2%-ს სახელმწიფო იღებს საშემოსავლო გადასახადიდან და საპენსიო ფონდში მიმართავს. შესაბამისად, მთლიანობაში ხელფასის 6%-ის ოდენობით თანხა ყოველთვიურად უნდა ირიცხებოდეს საპენსიო ფონდში, რასაც ფონდი თავის მხრივ საინვესტიციო ამონაგების სახით სარგებელს არიცხავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები