იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის ინფორმაციით, ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ახალ კანონპროექტზე იუსტიციის სამინისტროს მუშაობა დაასრულა და ის საკანონმდებლო ორგანოს გაზაფხულის სესიაზე წარედგინება. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ინიციატივის თანახმად, იჯარა/ქირავნობის ხელშეკრულებაში შესაძლებელი იქნება ახალი მუხლის გაჩენა, სადაც მითითებულია რომ ფინანსური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სასამართლოს გარეშე, მოახდინოს უძრავ ქონებაში მყოფთა გამოყვანის აღსრულება.
„ინიციატივაზე მუშაობა დასრულებულია და პარლამენტს წარვუდგენთ უახლოეს პერიოდში, საგაზაფხულო სესიაზე. მას შემდეგ, რაც კანონი იქნება მიღებული, რა თქმა უნდა, ჩვენს მოსახლეობას კიდევ უფრო მეტად გაუმარტივდება ის სამართლებრივი პროცედურები, რომელიც უკავშირდება ქირასა და იჯარას. რაც შეეხება გამოსახლებას, ამას ახორციელებს არა უშუალოდ აღმასრულებელი, არამედ აღსრულების პოლიცია. თუ ადამიანი არ თანხმდება შესაბამის გადაწყვეტილებებს, ამის შემდეგ ხდება გამოსახლება. თუმცა მთელი პროცესი, რაც ახლა უწევთ ადამიანებს, როცა მათ ბინაში ცხოვრობს ადამიანი ქირით, არ ასრულებს ვალდებულებებს და შეიძლება წლები ცხოვრობდეს, ბევრად უფრო შემოკლდება და თვეებში დასრულდება ეს პროცესი“, - განაცხადა ბრეგაძემ.