მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაქირავებისას ე.წ. "საპოლიციო გამოსახლება" ბრუნდება - კანონპროექტი პარლამენტში შედის

უძრავი ქონება, თბილისი, მშენებლობა,

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რომელმაც მესაკუთრეები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ იჯარა/ქირავნობის ოპერაციებში სახელშეკრულებო რისკებისგან უნდა დაიცვას. ინიციატივის თანახმად, იჯარა/ქირავნობის ხელშეკრულებაში შესაძლებელი იქნება ახალი მუხლის გაჩენა, სადაც მითითებულია რომ ფინანსური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სასამართლოს გარეშე, მოახდინოს უძრავ ქონებაში მყოფთა გამოყვანის აღსრულება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ამ ინიციატივას განსახილველად პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.

“კითხვა იყო ქალბატონი ნინო წილოსანის ბინაში ქირით შესული პირების უკან გამოყვანის პრობლემის შესახებ. გიდასტურებთ, ეს არის საკმაოდ დიდი პრობლემა, კერძოდ ხშირია შემთხვევა როდესაც გააქირავა პირმა ბინა და მოქირავნე აღარ გამოდის, რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ამ პრობლემის გადაჭრის მკაფიო სამართლებრივი მექანიზმი დღესდღეობით არ არსებობს. როდესაც მესაკუთრეს აქვს ბინა მას არც ფულს უხდიან ქირაში, არც იქიდან გამოდიან ეს არის რეალურად პრობლემა, რომელიც უკავშირდება საკუთრების ფუნდამენტურ უფლებას.

დიახ, იმართება სასამართლო პროცესები, რომელიც მთლიანობაში ერთ წლამდე შეიძლება გაგრძელდეს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ადამიანს შეზღუდული აქვს საკუთრების უფლება, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. სწორედ ამიტომ ჩვენ მოხარული ვიქნებით გაცნობოთ იმ ინიციატივის შესახებ, რომელიც გვაქვს შემუშავებული. მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ ქირავნობის ხელშეკრულება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში, სადაც მითითებული იქნება, რომ თუკი მოქირავნე არ შეასრულებს ვალდებულებას და არ გადაიხდის თანხას, მისი გამოსახლებას განახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო და ამ შემთხვევაში დაცული იქნება მესაკუთრის უფლებები. ეს მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე და ამაზე მხარეები წინასწარ იქნებიან შეთანხმებული. თუკი მხარეები ასე გააფორმებენ ხელშეკრულებას საჯარო რეესტრში, ისინი იქნებიან დაცული და საკუთრების უფლება იქნება სრულად რეალიზებული.

ეს ინიციატივა გვაქვს და ის ცოტა ხანში პარლამენტში იქნება წარმოდგენილი,”- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

საქართველოს პარლამენტმა ე.წ. საპოლიციო გამოსახლების მექანიზმი 2015 წელს გააუქმა. ამ ცვლილების შედეგად აღსრულება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება, რასაც ხშირ შემთხვევაში ერთ წელზე მეტიც სჭირდება.

როგორც იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებიდან ირკვევა, აღსრულების დაჩქარებული წესით მიღების აღდგენა ამჟამად მხოლოდ იჯარა/ქირავნობასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის განიხილება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები