გასული კვირის - 13-19 ნოემბრის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში
1) ეროვნულმა ბანკმა ციფრულ “ჰეშ ბანკს” ლიცენზია მიანიჭა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს “ჰეშ ბანკს” ციფრული ბანკის ლიცენზია მიანიჭა. ლიცენზიის პირობების თანახმად, ბანკი მომდევნო 7 თვის განმავლობაში სატესტო რეჟიმში იფუნქციონირებს, რის შემდეგაც ის კლიენტთა მომსახურებას შეძლებს.
“ჰეშ ბანკის” დამფუძნებლები ქართველი ბიზნესმენები ლაშა და სულხან პაპაშვილები არიან, მათთან ერთად, ბანკის 50%-ს ფლობს უკრაინელი ბიზნესმენი ვოლოდომირ ნოსოვიც, რომელიც კრიპტო ბირჟა WhiteBit-ის დამფუძნებელი და CEO-ა.
WhiteBit-თან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ამ ციფრული ბირჟის წინააღმდეგ უკრაინის ანტიკორუფციულმა ბიურომ მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიწყო წინასასამართლო გამოძიება კრიპტო ბირჟა WhiteBit-ის სავარაუდო დარღვევებთან დაკავშირებით. საქმე პრორუსი პოლიტიკოსის მხრიდან ბირჟაში ინვესტირებას უკავშირდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა, რომელმაც BMG-ის მოაწოდა დოკუმენტები, რომელიც მათ სებ-შიც წარადგინეს და რომელიც ასახავს, რომ ვოლოდომირ ნოსოვის წინააღმდეგ უკრაინაში სამართლებრივი პროცესი არ მიმდინარეობს.
“ჰეშ ბანკის” ლიცენზიის მინიჭებაზე თავისმხრივ განცხადება გააკეთა ეროვნულმა ბანკმაც. როგორც სებ-ი აღნიშნავს, ისინი პასუხობენ ანგაჟირებული პირების მხრიდან გაკეთებულ ბრალდებებს, თითქოს მათ საბანკო ლიცენზიის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღეს ეროვნული კანონმდებლობის დარღვევით. ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ბანკის აქციონერები არ იმყოფებიან საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ, შესაბამისად ამ მხრივ ლიცენზიის მინიჭების შემაფერხებელი საფუძველი არ არსებობდა. საქმე ისაა, რომ უკრაინამ ბანკის ერთ-ერთი აქციონერი სულხან პაპაშვილი 2022 წლის სექტემბერში დაასანქცირა, თუმცა სებ-ის განმარტებით ეს საერთაშორისო სანქციების შემადგენელი ნაწილი არაა და საქართველო მიერთებულია აშშ-ის; ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციების რეჟიმს.
2) საქართველოს მთავრობამ შაქრის იმპორტზე ტარიფი დააწესა
საქართველოს მთავრობამ შაქარზე იმპორტის ტარიფი დააწესა. 2023 წლის 20 ნოემბრიდან 2024 წლის 1 ივლისამდე ყოველ ტონა შაქარზე იმპორტის 400 ლარიანი გადასახადი წესდება. შესაბამისად, კგ მზა შაქარზე გადასახადი 40 თეთრს შეადგენს.
საქსტატის თანახმად, 2023 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით, ერთი კილოგრამი დაფასოებული შაქრის საცალო სარეალიზაციო საშუალო ფასი 3.53 ლარია. თუკი ამ ფასს 40 თეთრიც დაემატება, მაშინ საცალო ფასი 4-ლარიან ნიშნულს დაუახლოვდება.
საქართველო ყოველწლიურად 110-130 ათას ტონა შაქარს ყიდულობს, რომლის ღირებულებაც 75-90 მილიონი დოლარის ფარგლებშია. 2023 წლის თვეში კი ქვეყანამ 77 მილიონი დოლარის ღირებულების 113 ათასი ტონა თეთრი შაქარი შეიძინა. წლევანდელი მდგომარეობით, საქართველო თვეში საშუალოდ 8.5 მილიონი დოლარის ღირებულების 12.5 ათას ტონა შაქარს ყიდულობს. იმ პირობებში როდესაც შაქარზე საიმპორტო ტარიფი 7 თვის განმავლობაში იმოქმედებს, სახელმწიფო ბიუჯეტში ამ მოსაკრებლით 35 მილიონი ლარი შევა.
3) თბილისის 2024 წლის ბიუჯეტი 1.7 მილიარდი ლარი იქნება
თბილისის მერიამ საკრებულოს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი მომდევნო წელს 1.7 მილიარდ ლარს მიაღწევს. ეს თანხა 137 მილიონი ლარით უფრო ნაკლებია 2023 წლის ბიუჯეტზე, რადგანაც წელს მერია 1.83 მილიარდ ლარს ხარჯავს, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ეს ბიუჯეტის პირველადი ვერსიაა, შესაძლოა მისი მოცულობა კიდევ დაკორექტირდეს.
4) ცენტრალური მთავრობა თბილისს 475 მილიონ ევროს ახალი ვაგონების შესაძენად გამოუყოფს
თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მერთან კახა კალაძესთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პროექტის დეტალები მიმოიხილეს და სამომავლოდ განსახორციელებელი ნაბიჯები დაგეგმეს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა, რომელთა ეტაპობრივი მოწოდება და არსებული მოძველებული მატარებლების ჩანაცვლება შემდეგი 15 წლის განმავლობაში განხორციელდება.
5) ქონების გადასახადის სახით 84 მილიონი ლარი 366 ათასმა ადამიანმა გადაიხადა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ქონების გადასახადის შესახებ გაავრცელა განცხადება. უწყების ინფორმაციით, დეკლარირებული ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა 2023 წლის 15 ნოემბერს ამოიწურა, ხოლო საგადასახადო დეკლარაცია 366,706 პირმა შეავსო.
მთლიანად მოქალაქეთა მიერ დეკლარირებული თანხა 84,489,056 ლარს შეადგენს. ეს ერთი გადამხდელის მხრიდან საშუალოდ 230 ლარის გადასახადს ნიშნავს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანახმად, დეკლარირებული გადასახადის მოცულობა წინა წელთან შედარებით 17%-ით არის გაზრდილი.
6) ბიზნესის ხელახალი რეგისტრაციის მოთხოვნა გადავადდება
გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართა ინვესტორთა საბჭოს სხდომა, რომელზეც მხარეებმა განიხილეს მეწარმეთა შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, მათ შორის ბიზნესის ხელახალი რეგისტრაციის გადავადების საკითხი. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელახალი რეგისტრაცია გადავადდება და აღნიშნულ საკითხზე მთავრობა და პარლამენტი აქტიურად იმუშავებს.
7) “საპოლიციო გამოსახლების” მექანიზმი ქირავნობის კონტრაქტებში დაბრუნდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მუშაობს ახალ ინიციატივაზე, რომელმაც მესაკუთრეები უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ იჯარა/ქირავნობის ოპერაციებში სახელშეკრულებო რისკებისგან უნდა დაიცვას. ინიციატივის თანახმად, იჯარა/ქირავნობის ხელშეკრულებაში შესაძლებელი იქნება ახალი მუხლის გაჩენა, სადაც მითითებულია რომ ფინანსური ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სასამართლოს გარეშე, მოახდინოს უძრავ ქონებაში მყოფთა გამოყვანის აღსრულება.
პარასკევს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ამ ინიციატივას განსახილველად პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარუდგენენ.
8) "სხვა ბევრი ქვეყანა მელოდება ხელგაშლილი ინვესტიციებისთვის"- დავით ხიდაშელმა რაჭის ტყის პროექტი დატოვა
ბიზნესმენი დავით ხიდაშელი რაჭის ტყის სამონადირეო პროექტიდან გადის - ამის შესახებ მან BMG-ის თავად დაუდასტურა. მისი განმარტებით, პროექტიდან კომპანია HG Capra Caucasica-ს გასვლა არა პირობების შეუსრულებლობამ, არამედ თავად სახელმწიფოს მხრიდან შექმნილმა გაუგებრობებმა განაპირობა. 23 ოქტომბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ დავით ხიდაშელის კომპანიამ სამონადირეო მეურნეობის განვითარების სალიცენზიო ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც სახელმწიფო განიხილავდა შესაძლებლობას, რომ კომპანიას აღარ გადასცეს შესაბამისი სალიცენზიო არეალი და რაჭაში თავად მოაწყოს ახალი ტიპის დაცული ტერიტორია.
9) “ვისოლ ჯგუფი” საქართველოში Subway-ის 80 რესტორანს გახსნის
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ - სარესტორნო ინდუსტრიის მსოფლიო ლიდერთან - მასტერ ფრენჩაიზის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხელშეკრულების შესაბამისად, “ვისოლ ჯგუფი” მომავალი რამდენიმე წლის მანძილზე საქართველოში 80 “საბვეის” რესტორანს გახსნის.
სწრაფი კვების გლობალურ ბრენდთან გარიგების შესახებ “ვისოლ ჯგუფის” დამფუძნებელმა სოსო ფხაკაძემ BMG-ის “საქმიანი საღამოს” ეთერში ისაუბრა და და აღნიშნა, რომ ამ ბრენდმა ჯგუფის ინტერესი სამი ფაქტორის გამო მიიზიდა, ესენია: “ვისოლ ჯგუფის” პორტფელში არსებულ სხვა კომპანიებთან სინერგიული ეფექტი, Subway-ის ბრენდი და ხარისხიანი პროდუქტი.
10) საქართველოს რკინიგზამ 2023 წლის 9 თვე 102 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა
საქართველოს რკინიგზამ 2023 წლის 9 თვე 102 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დახურა - ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, პერიოდის განმავლობაში რკინიგზის შემოსავალი 481 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 10 მილიონი ლარით ნაკლებია, ხოლო წმინდა მოგებამ 102.5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 176 მილიონი ლარით ნაკლებია.
წმინდა მოგების შემცირების მიზეზია ის გარემოება, რომ გასულ წელს ეროვნული ვალუტა გამყარდა, რამაც რკინიგზის მთლიანი ვალის მოცულობა ლარებში შეამცირა, ეს კი ფინანსურ ანგარიშში 126.5 მილიონი ლარის შემოსავლად აისახა. შესაბამისად გასული წლის 9 თვის 278-მილიონიანი მოგების მნიშვნელოვანი მდგენელი საკურსო სხვაობით მიღებული მოგება იყო, წელს კი ასეთი დინამიკა აღარ დაფიქსირებულა. შესაბამისად, საქართველოს რკინიგზის მოგება ძირითადად საოპერაციო მოგებას ასახავს და არა ფინანსურ შემოსავალს+საოპერაციო მოგებას.