ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტში გამართულ მოსმენაზე "ჰეშ ბანკისთვის" საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მინიჭებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
14 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს “ჰეშს” ციფრული ბანკის ლიცენზია მიანიჭა. ახალი ბანკის დამფუძნებლები ქართველი ბიზნესმენები ლაშა და სულხან პაპაშვილები არიან, მათთან ერთად, ბანკის 50%-ს ფლობს უკრაინელი ბიზნესმენი ვოლოდომირ ნოსოვიც, რომელიც კრიპტო ბირჟა WhiteBit-ის დამფუძნებელი და CEO-ა.
ნათია თურნავას ახალი ბანკის უკრაინელი თანადამფუძნებლის ვოლოდომირ ნოსოვის და კრიპტო ბირჟა Whitebit-ის შესახებ კითხვა დეპუტატმა რომან გოცირიძემ დაუსვა. მისი თქმით, ლაშა პაპაშვილის, როგორც გამოცდილი ბანკირის შესახებ კითხვები არ არსებობს, თუმცა ვოლოდომირ ნოსოვის კრიპტო ბირჟის შესახებ ინტერნეტში არასახარბიელო ინფორმაცია იძებნება. გოცირიძე აღნიშნავს, რომ თავად ვოლოდომირ ნოსოვის წინააღმდეგ გამოძიება არ მიმდინარეობს, თუმცა უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო თავად ამ ბირჟის საქმიანობას იძიებს.
"ეროვნულ ბანკში თქვენი წინამორბედები ერთი წლის განმავლობაში არ აძლევდნენ ლიცენზიას ციფრულ ბანკს, თუ ისინი არ აძლევდნენ, თქვენ რატომ მიეცით? ხომ არ ამოგვიღია ხმა, რომ ყოფილმა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა შექმნა ციფრული ბანკი. ვინმემ დასვა კითხვა რატომ მიეცით მას ლიცენზიაო? - იმიტომ რომ მას ჰყავს კარგი ევროპული პარტნიორი და ჩამოაყალიბა სანდო კომპანია. ამ შემთხვევაში ლაშა პაპაშვილში კი არ არის პრობლემა, მისი ოფისისი გახსნაზე მიხეილ სააკაშვილი მივიყვანე და ის არის ძალიან ცნობილი ბანკირი. ის გამოცდილი პიროვნებაა. მაგრამ მისი პარტნიორია უკრაინის კრიპტო ბირჟა. გუგლში შედით და პირველი ამოგიგდებთ რომ უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროში მიდის გამოძიება, რომ გამოძიება დაიწყო უკრაინის ანტიკორუფციული სასამართლოს დავალებით, რომ უკრაინის ამ ბირჟის დამფუძნებელი მამა-შვილი რადას დეპუტატი, რომელიც გაიქცა რუსეთში. აი ასეთი ამბები ტრიალებს ამ ბირჟის გარშემო. თქვენ კი მას მიეცით ლიცენზია. არ არის რისკები? დირექტორი ამ ბირჟის არის უკრაინის მოქალაქე ნოსოვი, მას ფული არ მოუპარავს არ გაუთეთრებია, მაგრამ ბირჟის დირექტორია და ამ ბირჟის დამფუძნებლები გაქცეული არიან რუსეთში, ხოლო ბირჟას კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენების დაფინანსება ედება ბრალად,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.
ნათია თურნავას განმარტებით ეროვნულმა ბანკმა ლიცენზიის გაცემამდე ყველა რისკი შეისწავლა და შეაფასა:
"ყველა რისკი შევისწავლეთ და ლიცენზია გაცემული არის ჩვენს კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში. თქვენ თავადვე ჩაასწორეთ წინა კომენტარები და აღნიშნეთ სწორად რომ პიროვნება ვინც არის ერთ-ერთი პარტნიორი ბანკი ჰეშის, მის მიმართ რაიმე გამოძიება არ მიმდინარეობს ასევე ეს პირი და მის მიერ დაფუძნებული კომპანიები ფლობენ ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში ლიცენზიებს საფინანსო მომსახურების სფეროებში და მათ შორის ერთ-ერთი ლიცენზია სულ ახლახანს გაიცა და ესეც საჯაროა. ასევე გეტყვით, რომ ციფრული ბანკის მოდელი ითვალისწინებს იმას, რომ პირველი 6 თვე იქნება სატესტო რეჟიმი, როდესაც ჩვენ კიდევ დამატებით დავაკვირდებით მდგრადობას. კიდევ ერთს ვიტყვი, რომ ნებისმიერი რისკის მატერიალიზების შემთხვევაში დეპოზიტარები იქნებიან დაცულები,"- აცხადებს ნათია თურნავა.
“ჰეშ ბანკის” სადამფუძნებლო ინფორმაციის თანახმად, ბანკის საწესდებო კაპიტალია 16,634,100 ლარი. ბანკის ყველაზე მსხვილი 50%-იანი აქციონერია ვოლოდომირ ნოსოვი, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის საკუთრებაშია აქციათა 19.5%-ის, ხოლო სულხან პაპაშვილის საკუთრებაში 30.5%-იანი პაკეტი.