მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია

პროკურატურა

საპროკურორო საბჭომ გენპროკურორობის სამი კანდიდატი შეარჩია. ესენია ვიქტორ ახალბედაშვილი (იურისტი და ადვოკატი), დარეჯან ბუცხრიკიძე (იურისტი და ადვოკატი) და გიორგი გაბიტაშვილი (საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე) შეირჩა.

კერძოდ, საპროკურორო საბჭომ, "საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-4 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად კენჭისყრა ჩაატარა.

საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა კენჭისყრის შედეგები შემდეგია:

ვიქტორ ახალბედაშვილი - 9 ხმა
დავით ბარბაქაძე - 1 ხმა
ლალი ბუნტური - 0 ხმა
დარეჯან ბუცხრიკიძე - 10 ხმა
გიორგი გაბიტაშვილი - 11 ხმა
ალექსანდრე კობაიძე - 0 ხმა​
ანდრონიკ სარიბეკოვი - 1 ხმა

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს 2024 წლის 11 ივლისს, 11:00 საათზე, საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კენჭისყრის პროცესი საპროკურორო საბჭოს ფეისბუქგვერდზე "ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.

აღსანიშნავია, რომ საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. თუ წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატურებს.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მეორედ მაისში მიიღო. ამჯერად მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის პოსტს ორჯერ იკავებდა. პირველად, ის პოსტზე 2015 წლის ნოემბერში დაინიშნა და თანამდებობა 2018 წელს, გახმაურებული ხორავას საქმეზე მიმდინარე პროცესების დროს დატოვა. ამის შემდეგ, 2020 წლის თებერვალში, ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად მეორედ აირჩიეს. კანონის თანახმად, გენერალური პროკურორი პოსტს 6 წლის ვადით იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები