მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შოთაძის შემცვლელი კანდიდატურა პარლამენტს საპროკურორო საბჭომ უნდა წარუდგინოს

პროკურატურა

საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მეორედ მიიღო. ამჯერად მიზეზად მან ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა. კონსტიტუციის თანახმად, პროკურატურის საქმიანობას „პროკურატურის შესახებ ორგანული კანონი“ არეგულირებს.

თავის მხრივ, ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭო 15 წევრისგან შედგება, რომელმაც მომდევნო ერთი თვის განმავლობაში პარლამენტს შოთაძის შემცვლელის კანდიდატურა უნდა წარუდგინოს:

- გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად საპროკურორო საბჭო იწყებს ერთთვიან კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან. კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

- გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. თუ ორმა ან მეტმა კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო, გადამწყვეტია საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო 1 კვირის ვადაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატებს.

ვინ არიან საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში?

ა) 8 წევრი, რომელთაც ირჩევს პროკურორთა კონფერენცია და რომელთა მინიმუმ ერთი მეოთხედი მაინც განსხვავებულ სქესს უნდა წარმოადგენდეს;

ბ) 2 წევრი, რომელთაც ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საერთო სასამართლოების იმ მოსამართლეთაგან, რომელთაც აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;

გ) 2 წევრი საქართველოს პარლამენტიდან, რომელთაგან ერთს თავის წევრთაგან ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, ხოლო მეორეს იმ პარლამენტის წევრთაგან, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობაში არ შედიან, ირჩევენ საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფი პარლამენტის წევრები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. თუ საპარლამენტო უმრავლესობა შექმნილი არ არის, საპროკურორო საბჭოს ორივე წევრს პარლამენტის წევრთაგან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს პარლამენტი;

დ) 1 წევრი, რომელსაც ირჩევს საქართველოს პარლამენტი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინების საფუძველზე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატად შეირჩევა პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით და იურიდიული სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება;

ე) 2 წევრი, რომელთაც ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

3. საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი და აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე უწყდება საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილება.

- საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. თუ წარდგენილმა კანდიდატმა ვერ მიიღო საქართველოს პარლამენტის წევრთა ხმათა საჭირო რაოდენობა, საპროკურორო საბჭო ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატურებს.

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორის პოსტს ორჯერ იკავებდა. პირველად, ის პოსტზე 2015 წლის ნოემბერში დაინიშნა და თანამდებობა 2018 წელს, გახმაურებული ხორავას საქმეზე მიმდინარე პროცესების დროს დატოვა. ამის შემდეგ, 2020 წლის თებერვალში, ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურორად მეორედ აირჩიეს. კანონის თანახმად, გენერალური პროკურორი პოსტს 6 წლის ვადით იკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები