კომპანია „ჯორჯიან ავია სერვის ეიჯენსის“ (GASA) დამფუძნებელ და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი შენგელიას შეფასებით, „რუსული კანონის“ გამო, გაზაფხულზე თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებმა ნეგატიური გავლენა გამყვან ტურიზმზე იქონია, შემომყვანზე კი - არა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.
GASA საავიაციო და ტურიზმის სფეროს ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშეა, რომელიც ბაზარზე 2010 წლიდანაა. GASA არის „პეგასუსის ავიახაზების“ და „ეარ არაბიას“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და პარალელურად, ტუროპერატორულ საქმიანობას ეწევა - დაკავებულია როგორც საქართველოდან ტურისტების გაყვანით, ისე ქვეყანაში უცხოელი ტურისტების შემოყვანით.
{რა გავლენა იქონია პროტესტმა ტურიზმზე?} - ამ კითხვას იმ პერიოდში ხშირად მისვამდნენ და მინდა ვთქვა, რომ რაოდენობრივ ჭრილში შემომყვან ტურიზმზე ნეგატიური შედეგი არ ჰქონია, თუმცა ბუნებრივია, სასტუმროებს, რომლებიც საპროტესტო აქციების ეპიცენტრშია განთავსებული, ჯავშნები გაუუქმდათ და სტუმრებს განთავსების ადგილების გადაცვლა უნდოდათ, მაგრამ ჯამურად, ჯავშნების გაუქმების მაჩვენებელი მაღალი არ ყოფილ. საპროტესტო აქციებმა ნეგატიური გავლენა უფრო იქონია გამყვან ტურიზმზე, რადგან მოსახლეობის ინტერესი მნიშვნელოვანწილად მიმართული იყო აქციებზე და იმ პერიოდში ქართველებმა თითქმის სრულად უარი თქვეს დასვენების დაგეგმვაზე. მოკლედ, მაისი ძალიან ცუდი თვე იყო გამყვანი ტურიზმისთვის“, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ამასთან, GASA) დამფუძნებლის შეფასებით, შარშანდელთან შედარებით, GASA-სთვის 2024 წლის ზამთრის და ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებული იყო და წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს სჯობდა.
„ჩვენი კომპანიის მაგალითზე თუ ვისაუბრებ, 2024 წლის პირველი ნახევარი ძალიან კარგი სეზონი აღმოჩნდა როგორც შემომყვანი, ისე გამყვანი ტურიზმისთვის. შარშანდელ წელთან შედარებით, აბსოლუტურად ყველა ბაზარზე, სადაც ვმუშაობთ, გვაქვს მატება. მათ შორის კოლოსალური ზრდა გვქონდა ისრაელის ბაზრიდან. რაც შეეხება გამყვან ტურიზმს, ზამთრის სეზონზე რამდენიმე ახალი ავიამიმართულება დავამატეთ (დელი, გოა) რომელიც ბაზარმა აიტაცა და საკმაოდ კარგი შედეგები გვქონდა. დიდი ხნის შემდეგ განვაახლეთ შრი-ლანკის მიმართულებით ტურები. ასევე, წარმატებული აღმოჩნდა წელს ზამთრის ტრადიციული მიმართულება - ტურები დუბაიში“, - აღნიშნა გიორგი შენგელიამ.
„წერტილთან“ ინტერვიუში GASA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ტურიზმზე საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების იდენტიფიცირებისთვის ევროპის ჩემპიონატი ძალიან კარგი რეკლამა აღმოჩნდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 3 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორის ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 5.6%-ით მეტია. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ძირითადად რეგიონის ქვეყნებიდან სტუმრობდნენ, ხოლო ევროკავშირის არცერთი ქვეყანა ვიზიტორების სტატისტიკის პირველ ათეულში არ შედის.