მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპროტესტო გამოსვლები გრძელდება - სტუდენტები 18 მაისიდან თბილისში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ

გმირთა მოედანი

გმირთა მემორიალთან შეკრებილი გაფიცული სტუდენტები 18 მაისიდან თბილისის ქუჩებში პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ახალგაზრდებმა პირობა დადეს, რომ ხელისუფლების რეპრესიების არ შეეშინდებათ და ქვეყნის ევროპულ მომავალს ნებისმიერ ფასად დაიცავენ.

"18 მაისიდან, დილის პირველ ნახევარში ჩვენს გამოსვლებს პერმანენტული ხასიათი მიეცემა. ვიწვევთ ყველა მსურველს. ზუსტ დროს და ადგილს შეგატყობინებთ ყველასათვის ცნობილ ფეისბუქ ჯგუფებში. დაიდება განცხადება, დაიდება ივენთი" - აცხადებს სტუდენტი.

აღსანიშნავია, რომ 16 მაისს, დილით, აქცია გმირთა მოედანზე დაიწყო, საიდანაც ახალგაზრდებმა მსვლელობით ტექნიკური უნივერსიტეტისკენ გადაინაცვლეს, შემდეგ კი კვლავ გმირთა მოედანზე მივიდნენ.

პარალელურად, დღეს, რესპუბლიკის მოედანზე 16:00 საათიდან "დედების მარშია" დაანონსებული. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დედები შვილებთან ერთად რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და შემდეგ პარლამენტისკენ მსვლელობით გაემართებიან. ამავე დღეს, 17:00 საათზე "BTU-ს სამანქანო მარშიცაა" დაგეგმილი. ახალგაზრდები საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან სანაპიროს მიმართულებით მანქანებით გაემართებიან.

საპროტესტო აქციას ბათუმიც უერთდება. 16 მაისს, ბათუმში, რუსული კანონის წინააღმდეგ ბათუმელი მოსწავლეების მესამე საპროტესტო აქცია გაიმართება, რომელშიც ქალაქის 15 სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. საპროტესტო აქცია 16:00 საათზე ცენტრალური პარკის კოლონადებიდან დაიწყება. აქციის ორგანიზატორი ბათუმელი სკოლის მოსწავლეები არიან.

ორგანიზატორთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროტესტს უერთდებიან: 1-ელი, მე-2, მე-3, მე-4, მე-6, მე-7, მე-8, მე-10, მე-13, მე-14, მე-16, მე-18, „ქართულ-ამერიკული“, ბათუმის სასულიერო გიმნაზიისა და „ევრო 2000“-ის მოსწავლეთა თვითმმართველობები და მოსწავლეები.

გარდა ამისა, 16 მაისს, 16:00 საათზე აქცია ქუთაისშიც არის დაგეგმილი. პროტესტის მონაწილეების "რუსული ოცნების" ქუთაისის ფილიალის წინ (მერია) შეიკრიბებიან და ერთად გააპროტესტებენ "რუსულ კანონს".

ამ დროისათვის, ზუგდიდში სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების აქცია მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები