პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა შალვა პაპუაშვილის მიერ მომზადებულ ცვლილებებს, რომელიც ჰერალდიკის საბჭოს, ეროვნულ ბიბლიოთეკას და კვლევით ცენტრს შეეხება.
დღეს კომიტეტმა „პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების თაობაზე იმსჯელა, რომელიც ითვალისწინებს რეგლამენტიდან XVIII თავის ამოღებას პარლამენტთან არსებული დაწესებულებების: საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკის, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსა და კვლევით ცენტრს შეეხება.
პაპუაშვილის თქმით, ეროვნული ბიბლიოთეკა ჩამოყალიბდება როგორც სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა, რომელიც იქნება კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში. მან განაცხადა, რომ ცვლილების შემდეგ, ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელს შეუნარჩუნდება საჯარო მოხელის სტატუსი.
ამასთან, ცვლილებების თანახმად, პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ნაცვლად შეიქმნება საქართველოს მთავრობასთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტი. მასში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო თავისი სტრუქტურითა და ბიუჯეტით იქნება წარმოდგენილი.
„აქედან გამომდინარე მიზანშეწონილია, პარლამენტის დადგენილებების ნაცვლად, შესაბამისი საკითხები დარეგულირდეს საქართველოს მთავრობის აქტებით, რაც ერთი ქოლგის ქვეშ მოაქცევს როგორც სახელმწიფო სიმბოლოების, ასევე სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებულ ჰერალდიკის სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობას. ამჟამად საბჭოში დასაქმებული თანამშრომლები გადავლენ და კონკურსის გარეშე დაინიშნებიან სახელმწიფო სიმბოლოების დეპარტამენტში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
რაც შეეხება კვლევით ცენტრს, მისი ლიკვიდაცია მოხდება. პაპუაშვილის თქმით, მის ბალანსზე არსებული რესურსები გადაეცემა პარლამენტს და პარლამენტის აპარატი გააგრძელებს კვლევით საქმიანობას. კვლევითი ცენტრიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს მიეცემათ კომპენსაცია სამი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
შალვა პაპუაშვილის მტკიცებით, ამ საკითხებთან დაკავშირებით შესწავლილია არაერთი საერთაშორისო გამოცდილება, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა წარმოდგენილი პროექტი.
კანონპროექტთა პაკეტს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.




























