მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქაერონავიგაცია“  ვაზიანში, ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის საჭირო კვლევებს იწყებს

აეროპორტი

„საქაერონავიგაცია“ ვაზიანში, ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის საჭირო კვლევებს იწყებს.

უწყებამ 230 500 ევროს ღირებულების სამუშაოებზე გამარტივებული შესყიდვის უფლება უკვე მიიღო. თანხა ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მოფრენა/გაფრენის პროცედურების წინასწარი სქემების შემუშავებისთვის, ხელოვნური და ბუნებრივი დაბრკოლებების და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მონაცემების განსაზღვრისთვის დაიხარჯება.

დაგეგმილია ვაზიანის აეროდრომის სახელსაწყო ფრენის პროცედურების და საჰაერო სივრცის (საკვანძო სამეთვალყურეო რაიონი (TMA), სამეთვალყურეო არე (CTR)) დაპროექტება/შემუშავება და სამომავლო ადზ-ს განლაგების (ორიენტაციის) შემოთავაზება ეფექტურობისა და გამტარუნარიანობის საუკეთესო შედეგების მისაღწევად; ასევე სანავიგაციო ტექნიკური საშუალებების შესაბამისი მდებარეობის დადგენა; დაბრკოლებების კვლევა პროცედურების სწორი და უსაფრთხო დიზაინის უზრუნველსაყოფად.

სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 7-8 თვეში უნდა დასრულდეს.

მთავრობა თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის გეგმაზე ზაფხულში განაცხადა. ახალი აეროპორტის ასაშენებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ავსტრიული კომპანია Airport Competence GmbH-ი ატარებს.

ამასთან 2024 წელს, აეროპორტების განვითარებისთვის ეკონომიკის სამინისტროსთვის დამატებით 70 მილიონი ლარის გამოყოფაა განსაზღვრული. თანხა მოხმარდება ქუთაისის, თელავისა და ვაზიანის აეროპორტების განვითარებას.

“საუბარია ქუთაისის აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის, თელავის აეროპორტისა და ვაზიანის აეროპორტის პროექტირების, მათ შორის კვლევების, დასრულებაზე და ა.შ.” - განაცხადა გასულ პარასკევს პრემიერმა 2024 წლის ბიუჯეტის წარდგენისას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები