საქართველოში საქალაქთაშორისო მიმართულებებით მგზავრობის ტარიფები ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაძვირდა. როგორც ცნობილია, ფასების ცვლილება ძირითადად ცალკეულ მიმართულებებს შეეხო.
BM.GE ავტოსადგურებსა და მინივენების მძღოლებს დაუკავშირდა, სადაც ტარიფების ზრდა დაადასტურეს. მათი ინფორმაციით, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით მგზავრობა 5 ლარით გაძვირდა, ხოლო თელავის მიმართულებით მიკროავტობუსების ტარიფი უცვლელი დარჩა.
ავტოსადგურ „ოკრიბას“ იურისტმა პაატა ყვავაძემ განაცხადა, რომ გარკვეულ მიმართულებებზე, მათ შორის ბათუმის, ქუთაისისა და მარტვილის ხაზებზე, ფასები სწორედ დაახლოებით ერთი თვის წინ შეიცვალა.
„დაახლოებით 19 რიცხვი იყო წინა თვის, მაშინ მოხდა ცვლილება“, - აღნიშნა „ოკრიბას“ იურისტმა.
ამასთან, ჩვენთან ინტერვიუში ერთ-ერთმა მძღოლმა განაცხადა, ბათუმამდე მგზავრობის საფასური დაახლოებით 5 ლარით გაიზარდა და ამჟამად მინივენით მგზავრობა 45 ლარი ღირს. როგორც მან აღნიშნა, ბოლო პერიოდში მომსახურების გაძვირება ძირითადად საწვავის ფასის ზრდამ გამოიწვია.
"ხარჯები დაახლოებით 60%-ით გაგვეზარდა. 40 ლარი ღირდა ტრანსპორტირება და 45 ლარი გახდა… ამ გაჭირვებულ ხალხს მეტი რაღა უნდა გაუძვირო", - აცხადებს მძღოლი.
მისივე თქმით, ფასების ზრდის პარალელურად, შემცირებულია მომხმარებელთა რაოდენობაც, რაც, მძღოლების შეფასებით, ასევე სატრანსპორტო რეგულაციებსა და ბაზარზე მიმდინარე ცვლილებებს უკავშირდება. საუბარია ე.წ. „სადგურიდან-სადგურამდე“ სისტემაზე, რის გამოც მისი შეფასებით, უამრავი მძღოლი შესაძლოა უმუშევარი დარჩეს.
მძღოლები აღნიშნავენ, რომ ახალი წესების მიხედვით, დაწესებული შეზღუდვები და ჯარიმები დამატებით ზეწოლას ახდენს სექტორზე. მათი თქმით, განმეორებითი დარღვევების შემთხვევაში ჯარიმები 1000-დან 4000 ლარამდე იზრდება, რაც საქმიანობას კიდევ უფრო რთულს ხდის.
მძღოლის შეფასებით, ლიცენზირებული მძღოლების პარალელურად, ბაზარზე არალიცენზირებული გადამყვანებიც ოპერირებენ, რაც კონკურენციას კიდევ უფრო ამწვავებს. "დღეს ამ საქმიანობით ოჯახს ვეღარ არჩენ მეტნაკლებადაც კი", - აცხადებს მძღოლი.




























