მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო 10 თავით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას ყველა მიმართულებით - ღარიბაშვილი

63774d6060142
BM.GE
18.11.22 13:14
673

ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების განცხადებები იმის თაობაზე, რომ უკრაინისთვის და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის ავანსად მინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან უკრაინა არის ომში, მოლდოვა კი ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაში-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ინტერპელაციის წესით იმყოფება.

პრემიერ-მინისტრის თქმით, არავინ არ დაობს არსად, რომ საქართველო 10 თავით უსწრებს უკრაინას და მოლდოვას ყველა მიმართულებით.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინასაც და მოლდოვასაც კანდიდატის სტატუსი იგივე დათქმებით მისცეს, რაც საქართველოსთვის განისაზღვრა.

„რაც შეეხება ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ამ საკითხზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას. არავინ არ დაობს არსად, არც ევროკავშირში, მხოლოდ ამ ვიწრო ჯგუფში იმაზე, რომ საქართველო, შეიძლება ითქვას, 10 თავით უსწრებს უკრაინას, მოლდოვას ყველა მიმართულებით. ჩვენ ვიყავით და ვართ ლიდერი სახელმწიფო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ამით არაფერი არ შეცვლილა, გარდა ერთი, მთავარი განმასხვავებელი სტატუსისა. ჩვენ მოვისმინეთ ევროპელი ლიდერების განცხადებები იმის თაობაზე, რომ ეს გადაწყვეტილება, რომ ევროპის კავშირის უმეტესობას მხარი დაეჭირა გადაწყვეტილებისთვის და მიეცათ კანდიდატის სტატუსი ავანსად უკრაინისთვის და მოლდოვასთვის, განპირობებული იყო ერთი კონკრეტული მიზეზით. არ მინდა ციტირება მოვახდინო, ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ლიდერის პირდაპირი განცხადებები, რომ ვინაიდან უკრაინა არის ომში, ამიტომ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება და მოლდოვა, ვინაიდან არის ომთან გათანაბრებულ მდგომარეობაში და მეტად რთულ სიტუაციაში.

ჩვენ თვალს ვადევნებთ, რა ხდება ამ ქვეყანაში, მათაც ავანსად მისცეს კანდიდატის სტატუსი, თუმცა, დაახლოებით იგივე დათქმებით, რაც საქართველოსთვის განისაზღვრა. ანუ, მათ კი მიეცათ ავანსად ეს ერთგვარი წამახალისებელი სტატუსი, მაგრამ მათაც უნდა შეასრულონ მთელი რიგი რეკომენდაციები და პირობები. ჩვენს შემთხვევაში, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, ამაზე ვერავინ იოცნებებდა, ვერ იოცნებებდნენ ბატონი გიორგი ვაშაძე და სხვები, ქვეყანას მიეცა ევროპული პერსპექტივა ცხადად, ნათლად, მკაფიოდ, ერთმნიშვნელოვნად ითქვა, რომ საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი. ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვებს ვიმეორებ, ბატონი შარლ მიშელის და სხვა, ძალიან ბევრი ევროპელი ლიდერის, რომლებმაც ერთხმად აღიარეს, რომ ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. ამით ეს პროცესი, რეალურად, ერთი ციკლი დაიხურა, ეს არის დამაგვირგვინებელი, შეიძლება ასე ითქვას, ჩვენი მრავალწლიანი მუშაობის და რაც მთავარია, ნაყოფიერი მუშაობის. მე მახსოვს, ათეულობით და ასეულობით კანონპროექტზე გვიწევდა მუშაობა. უამრავი სამუშაო გასწია მთელმა საჯარო სექტორმა პარლამენტთან, თქვენთან ერთად“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

იქვე პრემიერმა მოუწოდა დეპუტატებს, ჩაერთონ 12 რეკომენდაციის შესრულებაში და შეასრულონ პირველი პუნქტი რაც არის დეპოლარიზაცია

რაც შეეხება ჩემს პოზიციას მოლოდინთან დაკავშირებით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, ჩვენი დეპუტატები 24 საათის განმავლობაში, შეიძლება ასე ითქვას, მუშაობენ მუხლჩაუხრელად იმისთვის, რომ ყველა ეს რეკომენდაცია ზედმიწევნით იქნას შესრულებული და არავის არც ერთი კითხვა არა დარჩეს პასუხგაუცემელი, თქვენ რას აკეთებთ, თქვენ? რატომ არ მონაწილეობთ სამუშაო ჯგუფებში? 12 რეკომენდაციიდან პირველი არის დეპოლარიზაცია, ანუ გეუბნებიან ევროპელი ლიდერები, რომ დაასრულეთ ეს სამარცხვინო ასე ვთქვათ რიტორიკაც და მტრობა ქვეყნის. და თქვენ რას აკეთებთ იმისთვის რომ მინიმუმამდე მაინც დაიყვანოთ ეს ისედაც პოლარიზებული გარემო? არაფერს, პირიქით ცეცხლზე ნავთს ასხამთ ყოველ დღე, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პარლამენტში განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას სრული ბოიკოტი აქვს გამოცხადებული ამ პროცესისადმი და მოუწოდა, ჩაერთონ 12 რეკომენდაციის შესრულებაში.

„სრული ბოიკოტი გაქვთ გამოცხადებული ისე, როგორც აცხადებდით მანამდე, ამ პროცესისადმი და აგრძელებთ საბოტაჟს ქვეყნის წინააღმდეგ, აი, ეს არის რეალობა, მეგობრებო. თქვენ თუ გინდათ სიმართლის მოსმენა და არა ამ ფარისევლობის და სიყალბის გაგრძელება. მე მოგიწოდებთ, რომ ჩაერთოთ ამ 12 რეკომენდაციის შესრულებაში და შეასრულოთ პირველი პუნქტი - მოახდინეთ დეპოლარიზაცია, ჩვენ ამის მაგალითს მოგცემთ და მზად ვართ, რომ კიდევ გავაგრძელოთ, ჩვენ კარი არ დაგვიხურავს თქვენთვის, მზად არიან ჩვენი გუდნის წევრები და მეც პირადად ყოველთვის ვაცხადებ ამის მზაობას, რომ ერთად ვიზრუნოთ ქვეყანაზე,“- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები