ფისკალური რისკების მნიშვნელოვანი წყაროა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარე დავები. ამის შესახებ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია აღნიშნული.
აუდიტის სამსახურის თანახმად, 2024 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, საარბიტრაჟო დავების ფარგლებში სადავო თანხის პოტენციურმა მაქსიმალურმა ოდენობამ 3.3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
"ფისკალური რისკების კიდევ ერთი წყაროა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებიდან მომდინარე რისკები. 2024 წელს წარმოებაში არსებული იმ დავებიდან, სადაც სახელმწიფო მოპასუხეს წარმოადგენდა, სადავო თანხის ჯამური პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენდა 4.8 მლრდ აშშ დოლარს. აღნიშნულ დავათაგან ერთი სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა, რამაც ჯამური მოთხოვნები 3.3 მლრდ აშშ დოლარამდე შეამცირა",- აღნიშნულია მოხსენებაში.




























