დღეს საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მწვანე და ინკლუზიური რეგიონული კარიბჭის განვითარება) რატიფიცირების დოკუმენტს.
შეთანხმების მიხედვით, ADB ქვეყანაში მსხვილი საინვესტიციო პროექტების დაფინანსებისთვის 5 წლით 13 მილიონ 535 ათასი ევროს მოცულობის სესხს გვაძლევს. პარლამენტში დარგობრივ კომიტეტებში შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე დოკუმენტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ სესხის პირობებზე ისაუბრა და განმარტა, რომ პირველი ტრანში - 2.3 მლნ ევრო თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაზე იქნება მიმართული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პირველი ტრანშის შემთხვევაში აღმასრულებელი ორგანიზაცია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება იქნება“.
„ეს ახალი ხელშეკრულებაა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის 13.535 მილიონი ევროს გამოყოფას. თანხის მიზნობრიობა სხვადასხვა მსხვილი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში კვლევითი სამუშაოების განხორციელება. პირველი პროექტი, რაზედაც მიიმართება აქედან თანხები, თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იქნება, რაზეც 2.3 მლნ ევრო მოხმარდება, დანარჩენი მომდევნო 5 წლის განმავლობაში რა მსხვილი საინვესტიციო პროექტებიც იქნება, ამის ფარგლებში მოხდება თანხების ათვისება. 5-წლიანი სესხია, რომლის ძირსა და სესხს ვადის გასვლის შემდეგ ვიხდით. სესხის პროცენტს რაც შეეხება, 6-თვიან EURIBOR-ზე იქნება დაფუძნებული [07.11.2024 მდგომარეობით 2.858%] და დაემატება 0.3%-იანი მარჟა“, - განმარტა გიორგი კაკაურიძემ.
ADB-მ ვაზიანის აეროპორტის განვითარების გენგეგმის შემუშავებისთვის ტენდერი გამოაცხადა - დეტალები
აღსანიშნია, რომ სოფელ ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის მოსამზადებელ სამუშაოებზე 2025 წელს 20 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება - ამის შესახებ 2025 წლის ბიუჯეტის პროექტიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, 2025-2028 წლებში ვაზიანის აეროპორტის მშენებლობაზე მთავრობა ყოველწლიურად 100-100 მილიონ ლარს დახარჯავს.
მთლიანობაში ბიუჯეტის კაპიტალური პროექტების დანართის თანახმად, ვაზიანის აეროპორტის განვითარებაზე 2024-2028 წლებში 340 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
საქართველოს მთავრობის გეგმით, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტმა მგზავრების მიღება 2029 წლიდან უნდა დაიწყოს. პროექტის თანახმად, 2029 წლისთვის აეროპორტის პირველ ტერმინალს წლიურად 10 მილიონი მგზავრის გატარება უნდა შეეძლოს, ხოლო საბოლოოდ აეროპორტის წლიური გამტარიანობა 20 მილიონი მგზავრი უნდა იყოს.
ვაზიანის ახალი აეროპორტი ყოფილი სამხედრო აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდება და ის 500 ჰექტარის არეალს დაიკავებს. პროექტის გეგმის შემუშავებაში საქართველოს მთავრობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) ეხმარება, ივნისში ADB-იმ გამოაცხადა ტენდერი ახალი აეროპორტის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული გეგმის შემუშავების შემდეგ მთავრობა გეგმავს გამოაცხადოს საერთაშორისო ინტერესთა გამოხატვა, რის საფუძველზეც პროექტის ინვესტორს მოიძიებს. მთავრობის ინფორმაციით, პროექტის მთლიანი ღირებულება დაახლოებით 1.2 მილიარდი დოლარია.
ცნობილია, რომ ახალი აეროპორტის ასაშენებლად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებს ავსტრიული კომპანია Airport Competence GmbH-ი ჩაატარებს.