მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო ამ ქვეყნის მოქალაქეებისაა... მთავრობამ უნდა გაიგოს სტუდენტების ხმა“ - ინტერვიუ

უნივერსიტეტის დამფუძნებელი

"კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტის კახა შენგელიას აზრით, ხელისუფლებებმა, მათ შორის მოქმედმა მთავრობამ მოქალაქეების ხმა ყოველთვის უნდა გაიგოს. ამის შესახებ მან BMG-ის „რუსულ კანონზე“ საუბრისას განაცხადა. ის ამბობს, რომ ამ კანონთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია. „ახლა ვაშინგტონში ვარ. ჩემი ოჯახის წევრები აქციაზე დადიან“, - თქვა კახა შენგელიამ.

- კავკასიის უნივერსიტეტი იმ 38 უნივერსიტეტს შორისაა, რომელთა ერთობლივი განცხადების თანახმად, მიუღებელია ფაქტი, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე...

- რამდენიმე დღის წინ „კავკასიის უნივერსიტეტმა“ თავისი დამოკიდებულება გამოხატა ვრცელი განცხადებით, სადაც ეწერა, რომ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ პრორუსულ განწყობებს, ინიციატივებს თუ კანონებს. რაც შეეხება სწავლას და უნივერსიტეტების დღევანდელ განცხადებას, დიახ, ჩვენ ვართ უნივერსიტეტი. ჩვენ არ ვართ პოლიტიკური პარტია. ჩვენ ვართ უნივერსიტეტი და უნდა ვასწავლოთ. ვინმეს ხელი შევუშალეთ აქციაზე წასვლაში?! ან გაფიცვაში?! სადმე ვინმემ ნახა, რომ ერთი ადამიანისთვის მაინც რამე მსგავსი გვეთქვას?!

- გაფიცვის ინიციატივით ლექტორები ხომ არ გამოსულან?! სტუდენტებმა ჩათვალეს, რომ დღეს საქართველოს მომავალი რუსთაველზე წყდება და გაიფიცნენ. ბუნებრივია, ლექტორები ცარიელ აუდიტორიებში ხომ არ ჩაატარებენ ლექციებს?

- კავკასიის უნივერსიტეტშიც არ ტარდება დღეს ლექციები. სტუდენტები გაფიცულები არიან და ლექტორებიც, მაგრამ მე ვარ უნივერსიტეტი და ამას ვერ ვიტყვი. მე არ ვარ პოლიტიკური პარტია, არც - NGO.

- ქვეყანაში პროტესტის ტალღა მზარდია... ახალგაზრდობა რუსთაველზე დგას. უნდა გაიგოს თუ არა ხელისუფლებამ მოქალაქეების ხმა?

- დიახ, ხელისუფლებამ ყოველთვის უნდა გაიგოს სტუდენტების, ლექტორების, პროფესორების, საზოგადოების ხმა და მათ შორის ამ მთავრობამ; ამაზე კამათიც არ შეიძლება. საქართველო ამ ქვეყნის მოქალაქეების და სტუდენტების არის. მე ერთი უბრალო მოქალაქე ვარ და ვფიქრობ, ჩემს გასაკეთებელს ძალიან სწორად ვაკეთებ, ბოლო 30 წელიწადია. ის თაობა, რომელიც დღეს ქუჩაში დგას, ჩვენი გაზრდილია... ჩემგან ნუ მოითხოვენ სუპერგმირობას. ვაკეთებ იმას, რაც ვიცი და რაც ადგება ქვეყანას.

- ფაქტია, „რუსული კანონის“ მიღების მცდელობა ხელს გვიშლის იმაში, რომ ვაკეთოთ ჩვენი საქმე სრულფასოვნად - ზოგიერთმა ვისწავლოთ, ზოგმა ვასწავლოთ...

- კი ბატონო... გარკვევით დავწერეთ ეს ჩვენს განცხადებაშიც, რამდენიმე დღის წინ...

- მოქალაქე კახა შენგელია „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო აქციებზე დადის?

- ჩემი ოჯახის წევრები აქციაზე არიან. მე ახლა ვაშინგტონში ვარ.

- გვჭირდება კანონი, რომელზედაც ყველა საერთაშორისო პარტნიორი გვეუბნება, რომ საქართველოს ევროპის გზას აშორებს...

- არ გახსოვთ BMGTV-ის ეთერში ერთი წლის წინ რა ვთქვი?

- გვახსოვს. თქვენი ტაშიც გვახსოვს შარშან მარტში, როცა "ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეების პროტესტის შედეგად „რუსული კანონი“ გაიწვია...

- მაშინ რას მეკითხებით, შეიცვალა ჩემში რამე?! სხვა კახა შენგელია გავხდი თუ რა იქნებოდა?!

- ანუ იგივე პოზიციაზე ხართ...

- რა თქმა უნდა.

P.S. ინტერვიუ, დაახლოებით, ორი საათის წინ ჩაიწერა ანუ იქამდე, ვიდრე ცნობილი გახდებოდა, რომ "კავკასიის უნივერსიტეტს" ლექტორების ნაწილი ტოვებს.

არქივი. კახა შენგელია "საქმიან დილაში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები