საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა ევროკომისარ დენ იორგენსენს "მწვანე ენერგიის დერეფნის" საერთო ინტერესის პროექტების სიაში შეტანის თხოვნით მიმართეს ისევე, როგორც შავი ზღვის კაბელის პროექტი. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი X-ზე წერს.
"კასპიის-შავი ზღვის ევროპის მწვანე ენერგიის დერეფნის პროექტის მე-12 მინისტერიალზე, რომელიც ბაქოში გაიმართა, დავადასტურეთ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების წარმატებით დასრულება, რის შემდეგაც პროექტი ოფიციალურად გადავიდა განვითარების ფაზაში.
ჩვენ ასევე ხელი მოვაწერეთ ერთობლივ წერილს, რომელიც მიმართავს ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს დენ იორგენსენს. წერილში გამოვხატავთ მხარდაჭერას, რომ პროექტი შევიდეს ევროკავშირის საერთო ინტერესის პროექტების ნუსხაში. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა დააჩქარებს ამ სტრატეგიული ინიციატივის განხორციელებას, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებაში, მწვანე ენერგიაზე გადასვლასა და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებაში", - წერს შაჰბაზოვი.
"მწვანე ენერგიის დერეფნის" პროექტზე ისაუბრა ქართულმა მხარემაც. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორთა საბჭოს წევრის ზვიად გაჩეჩილაძის განცხადებით, მოელიან, რომ ესეც მოხვდება ორმხრივი ინტერესების პროექტების ჩამონათვალში.
"მწვანე ენერგიის კორიდორის პროექტის ფარგლებში კიდევ ერთხელ შევიკრიბეთ ამჯერად ბაქოში, სადაც შედგა მე-12 მინისტრების შეხვედრა, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. კონკრეტულად ეს პროექტი ითვალისწინებს საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის მონაწილეობას და უზრუნველყოფს როგორც ჩვენი რეგიონის, ისე ევროკავშირის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრების უსაფრთხოებას და ვაჭრობას.
ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ დამატებით ის შავი ზღვის კაბელს ითვალისწინებს და სახმელეთო კაბელების მონაკვეთს, რაც უზრუნველყოფს სწორედ ჩვენი რეგიონის და საქართველოს განახლებადი ენერგიის პოტენციალის ათვისებას.
იქიდან გამომდინარე, რომ დასრულდა ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება და პოზიტიურად იქნა მიჩნეული და პროექტი უკვე გადავიდა შემდეგ ეტაპზე, დამტკიცდა შემდეგი ორი წლის სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი, რაც უზრუნველყოფს პროექტის უწყვეტ გაგრძელებას. ასევე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მივმართავთ ევროკომისიას იმისთვის, რომ ეს პროექტიც ["მწვანე ენერგიის დერეფნის"] შეტანილი იყოს ორმხრივი ინტერესების პროექტის ჩამონათვალში ისევე, როგორც შეტანილი არის უკვე შავი ზღვის კაბელის პროექტი", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
ცნობისთვის, 2022 წლის 17 დეკემბერს აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გაფორმდა „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ ოთხმხრივი შეთანხმება. დოკუმენტი სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის მწვანე ენერგიის ახალი მარშრუტის შექმნას ითვალისწინებს, რაც მონაწილე ქვეყნების განცხადებით, ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას და რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდას შეუწყობს ხელს.




























