მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პირველი ხაზი 2032 წელს ამოქმედდება – პროექტის ღირებულება €22 მილიარდია

დერეფანი

შავი ზღვის გავლით მაღალი ძაბვის მუდმივი დენის (HVDC) გადამცემი ხაზის პირველი ნაწილი ექსპლუატაციაში 2032 წელს შევა, ხოლო პროექტი სრულ გამტარუნარიანობას 2040 წლისთვის მიაღწევს - როგორც Trend.az წერს, ამის შესახებ "მწვანე ენერგიის დერეფნის" ერთობლივი კომპანიის (GECO) აღმასრულებელმა დირექტორმა, იუსიფ გაიბოვმა ბუქარესტის მე-15 ფორუმზე განაცხადა.

"მწვანე ენერგიის დერეფანი" კასპიისა და შავი ზღვის რეგიონების გავლით აზერბაიჯანსა და საქართველოს რუმინეთთან და უნგრეთთან დააკავშირებს.

პროექტი რეგიონისთვის უპრეცედენტო მასშტაბისაა - მისი მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 22 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.

აღნიშნული ბიუჯეტი ორ ძირითად მიმართულებაზე ნაწილდება:

თანხის უდიდესი ნაწილი - 14.3 მილიარდი ევრო უშუალოდ ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება, რაც მოიცავს შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის მუდმივი დენის (HVDC) წყალქვეშა კაბელის გაყვანას, გარდამქმნელი ქვესადგურებისა და შესაბამისი სახმელეთო ქსელის მშენებლობას. დარჩენილი 7.8 მილიარდი ევრო კი განახლებადი ენერგიის ახალი გენერაციის სიმძლავრეების მშენებლობისკენ მიიმართება (ძირითადად ქარისა და მზის ენერგია), რაც ევროპისკენ "მწვანე" ელექტროენერგიის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს.

რაც შეეხება ტექნიკურ მონაცემებსა და გამტარუნარიანობას, დერეფნის ჯამური სიმძლავრე 3.9 გიგავატს (გვტ) შეადგენს. პროექტის საინჟინრო კონცეფცია ითვალისწინებს სისტემის სამ ცალკეულ ხაზად დაყოფას, სადაც თითოეული ხაზის გამტარუნარიანობა 1.3 გვტ იქნება. ასეთი სტრუქტურა პროექტის ეტაპობრივ განვითარებასა და სისტემის მაღალ ენერგეტიკულ საიმედოობას უზრუნველყოფს.

განრიგის მიხედვით, პროექტის მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება რამდენიმე ფაზად განხორციელდება: პირველი 1.3-გვტ სიმძლავრის ხაზი ფუნქციონირებას 2032 წლიდან დაიწყებს, ხოლო სრულ საპროექტო გამტარუნარიანობას (3.9 გვტ-ს სამივე ხაზის ჩათვლით) პროექტი 2040 წლისთვის მიაღწევს.

პროექტის განმახორციელებელია ბუქარესტში დაფუძნებული ერთობლივი საწარმო Green Energy Corridor Power Company (GECO), რომელშიც ოთხი ქვეყნის სისტემური ოპერატორი თანაბარ, 25%-იან წილს ფლობს:

  • საქართველო: "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" (სსე)
  • აზერბაიჯანი: Azerenerji
  • რუმინეთი: Transelectrica
  • უნგრეთი: MVM

პროექტი უკვე შეტანილია ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთა ევროპული ქსელის (ENTSO-E) 2026 წლის ათწლიანი ქსელის განვითარების გეგმაში (TYNDP).

GECO-ს ხელმძღვანელის განცხადებით, ასეთი მასშტაბის ინფრასტრუქტურისთვის კრიტიკულ გამოწვევად რჩება საჭირო დაფინანსების მობილიზება, ტრანსსასაზღვრო რეგულირების ჰარმონიზაცია, მიწოდების ჯაჭვების გამართვა და დაპროექტების ეტაპიდანვე წყალქვეშა კაბელის ფიზიკური და კიბერუსაფრთხოების გარანტირება.

შეგახსენებთ, კასპია-შავი ზღვის "მწვანე ენერგიის დერეფნის" სტრატეგიულ შეთანხმებას ოთხი ქვეყნის ლიდერმა ხელი 2022 წლის 17 დეკემბერს, ევროკომისიის პრეზიდენტის მონაწილეობით მოაწერა. პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების (Feasibility Study) შედეგების პრეზენტაცია ბაქოში 22 ოქტომბერს გაიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები