საქართველოს შუა დერეფნის განვითარებისას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან ერთად ელექტროენერგიისა და მონაცემთა გადაცემის მიმართულებებზეც უნდა ჰქონდეს აქცენტი. ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა BMG-ის გადაცემა "ანალიტიკაში" განაცხადა.
ელჩის შეფასებით, საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შავი ზღვის გავლით ევროპასთან ელექტროენერგეტიკული დაკავშირებაა, რაც ქვეყანას განახლებადი ენერგიის ექსპორტის შესაძლებლობას მისცემს.
უორდმა აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს ჰიდრო, მზისა და ქარის ენერგიის განვითარების პოტენციალი, თუმცა ამ რესურსების სრულად გამოყენებისთვის აუცილებელია ელექტროგადამცემი ქსელის განვითარება და ევროპულ ენერგეტიკულ ბაზართან დაკავშირება.
„როდესაც ხალხი საუბრობს შუა დერეფანზე, ზოგჯერ ისინი ფიქრობენ სატვირთო მანქანის ძარაზე ან მატარებელზე არსებულ კონტეინერებზე, ლოგისტიკაზე. მე კი უფრო ელექტროენერგიაზე და მონაცემებზე ვფიქრობ. საქართველოს სჭირდება დაკავშირება ევროპულ ელექტროქსელთან, რათა შეძლოთ ელექტროენერგიის, მწვანე ელექტროენერგიის ექსპორტი. თქვენ უნდა გქონდეთ კარგი მონაცემთა კავშირები, რათა გახდეთ ან გააგრძელოთ ზრდა, როგორც ტექნოლოგიებზე დაფუძნებულმა ეკონომიკამ", - განაცხადა გარეტ უორდმა.
მისი თქმით, შავი ზღვის გავლით ელექტროკაბელის პროექტი საქართველოს ევროპულ ელექტროენერგეტიკულ ბაზართან დაკავშირებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამასთან, ქვეყნისთვის აუცილებელია მონაცემთა გადაცემის ხარისხიანი კავშირების განვითარებაც.
ელჩის შეფასებით, საქართველოს ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ ეკონომიკად ჩამოყალიბებისთვის სჭირდება ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც მონაცემთა საერთაშორისო ნაკადების გადაადგილებას შეუწყობს ხელს.
უორდმა ასევე ისაუბრა განახლებადი ენერგიის მიმართულებით ინვესტიციების დაჩქარების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოში რუსეთიდან გაზისა და რაფინირებული ნავთობპროდუქტების შესყიდვები გაიზარდა, რაც ქვეყნის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას ზრდის. სწორედ ამიტომ, ბრიტანეთი საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს.
























