უახლოეს მომავალში ჩინური "სინოფარმის" ვაქცინაც მიიღებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაციას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები, როგორც მის მწარმოებელთან, ასევე „კოვაქს-პლატფორმასთან“, სადაც ჩინური ვაქცინა განთავსდება.
„აღსანიშნავია, რომ ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია, რაც გვაძლევს საშუალებას, გავაგრძელოთ მასთან პირდაპირი მოლაპარაკებები. პირველი ეტაპისთვსის მცირე დოზა გვაქვს შეკვეთილი პირდაპირ მომწოდებელთან - საუბარია, 100 ათასი დოზაზე. გარდა ამისა, „კოვაქს პლატფორმიდან“ გვექნება დამატებითი ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე. საუბარია ჩინურ ვაქცინა „სინოფარმზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.
მისივე თქმით, ჩინური ვაქცინა დამზადებულია ტრადიციული მეთოდებით, რაც შესაძლოა, მოსახლეობისთვის მოტივატორი იყოს, რომ სწორედ მასზე გააკეთონ არჩევანი.
„ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება აირჩიოს ის ვაქცინა, რომელიც მისთვის უფრო სანდოა“, - ამბობს ტიკარაძე.




























