მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო და თურქეთი თავისუფალი ვაჭრობის II ოქმის განახლებაზე შეთანხმდნენ

თურქეთი

საქართველოსა და თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებები შედის. დოკუმენტი II ოქმის („საქონლის წარმოშობის ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ“) განახლებაა.

"ოცნების" პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ცვლილებები განიხილა და მხარი დაუჭირა. მომხსენებელი კი "ოცნების" მთავრობაში ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე იყო.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილება ეფუძნება მხარეთა ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს შეთანხმების II ოქმის ჩანაცვლებას „პანევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ“ რეგიონული კონვენციის განახლებული რედაქციის შესაბამისად.

მთავარი მიზანია, საქართველოსა და თურქეთს შორის ვაჭრობაზე გავრცელდეს განახლებული წარმოშობის პრეფერენციული წესები, რომლებიც საერთაშორისო დონეზე უკვე მოქმედებს ევროკავშირსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებში.

გადაწყვეტილების ახალი დოკუმენტი ითვალისწინებს მხოლოდ რედაქციულ ცვლილებებს. ცვლილებების აუცილებლობა გამოწვეულია თურქული მხარის მიერ ოქმის ხელმოწერისათვის საჭირო ეროვნული პროცედურების დაგვიანებით.

რა შეიცვლება ახალი რედაქციით

დოკუმენტის მიხედვით, განახლებული წესების მიზანია საქონლის წარმოშობის პრეფერენციული წესების მოდერნიზება და ბიზნესზე უფრო მოქნილი პირობების შექმნა. კერძოდ:

  • უმეტესობა სასაქონლო ჯგუფებისთვის განსაზღვრული წარმოშობის კრიტერიუმები გახდება უფრო მოქნილი — კომპანიებს ექნებათ არჩევანი ოთხნიშნა სასაქონლო კოდზე ცვლილების კრიტერიუმსა და 50%-იან ადვალურ ზღვარს შორის;
  • წესები ითვალისწინებს სრული კუმულაციის შესაძლებლობას - რაც პარტნიორ ქვეყნებში განხორციელებული გადამუშავების ეტაპების გაერთიანების უფლებას იძლევა;
  • ე.წ. „ტოლერანტობის წესი“ 10%-დან 15%-მდე იზრდება;
  • გაუქმდება საბაჟო გადასახადის დაბრუნების აკრძალვა („No Drawback“) ტექსტილის ნაწარმის გარკვეული კატეგორიის გარდა;
  • წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატი იქნება მხოლოდ EUR.1, რომლის მოქმედების ვადა 10 თვეა (წინა 4 თვის ნაცვლად);
  • დაინერგება ელექტრონული სერტიფიცირების შესაძლებლობაც, რაც ვაჭრობის პროცესს გაამარტივებს.

რატომ არის ცვლილება მნიშვნელოვანი?

განმარტებით ბარათში წერია, რომ განახლებული წესების დანერგვა მნიშვნელოვანია, რათა საქართველო შეინარჩუნოს ბაზარზე წვდომა იმავე პირობებით, რაც ევროკავშირის, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA), უკრაინისა და თურქეთის რესპუბლიკის ქვეყნებს შორის მოქმედებს.

ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას და ექსპორტის უწყვეტობას ევროკავშირის, თურქეთისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების ბაზრებზე.

აღსანიშნავია, რომ კონვენციის განახლებული რედაქცია უკვე გათვალისწინებულია როგორც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების პირველი ოქმით (საბაჟო ქვეკომიტეტის გადაწყვეტილება №1/2021), ასევე ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან გაფორმებულ შეთანხმებაში.

დოკუმენტშიც წერია და მომსხენებელმაც განმარტა, რომ განახლების მიღება არ იწვევს სახელმწიფო ბიუჯეტზე დამატებით ფინანსურ გავლენას, არც შემოსავლების, არც ხარჯების ნაწილში და არ მოითხოვს დამატებითი ასიგნებების გამოყოფას.

პროექტის ავტორია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და მთავრობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები