ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს საერთო ფასეულობები, ჩვენ განსაკუთრებულად მივესალმებით უნგრეთის ხელისუფლების ძალისხმევას, აქტიურად დაიცვას საკუთარი ეროვნული იდენტობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ვიქტორ ორბანი, რომელიც 2012 წლის არჩევნებამდე 4 დღით ადრე, წინა მმართველი გუნდის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად სიტყვით გამოდიოდა და მოსახლეობას აფრთხილებდა, წარსულში ნუ დაბრუნდებითო, - ახლა „ქართული ოცნების“ ერთადერთი მოკავშირეა ევროინტეგრაციის გზაზე.
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს აქვს ზუსტად იგივე ფასეულობები და იბრძვის მის დასაცავად.
„ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს საერთო ფასეულობები, ჩვენ განსაკუთრებულად მივესალმებით უნგრეთის ხელისუფლების ძალისხმევას, აქტიურად დაიცვას საკუთარი ეროვნული იდენტობა, ფასეულობები, მათ შორის ქრისტიანული ფასეულობები და გაუფრთხილდეს ადამიანების პიროვნულ იდენტობას, რისთვისაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. ჩვენ გვაქვს ზუსტად იგივე ფასეულობები და ვიბრძვით იგივე ფასეულობებისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, წელს ირაკლი კობახიძე 25 აპრილს ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) სიტყვით გამოვიდა. კონფერენციის დღის წესრიგის მიხედვით, გაიმართა საპანელო დისკუსიები სახელწოდებით „სუვერენიტეტი ცოცხლობს, გლობალიზმი კვდება“, „გადაარჩინეთ დასავლეთი, დაიცავით საზღვრები" და "ჩვენ ვიმარჯვებთ, ისინი აგებენ – 2024, საარჩევნო სუპერ წელი“.
იქამდე, იგივე კონფერენციაში ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდა. ღარიბაშვილის კონფერენციაში მონაწილეობის შემდეგ, ევროპელი სოციალისტების პარტიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ 2023 წლის ივნისში დაგეგმილ შეხვედრაზე „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის სტატუსს შეაფასებდა. ამის საპასუხოდ, მმართველი პარტიის მაშინდელმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, - მივიღეთ გადაწყვეტილება, დავტოვოთ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და „ევროპის სოციალისტურ პარტიასთან“ დაკავშირებული სხვა გაერთიანებები“. ივნისში ევროპელი სოციალისტების პარტიამ „ქართული ოცნებას“ წევრობა ოფიციალურად შეუწყვიტა.