თბილისის მერი ევროპაში მიღებულ ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებსა და განცხადებებს საქართველოს ხელისუფლების მიუღებლობას უკავშირებს.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კახა კალაძემ თქვა, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანას მეორე ფრონტისგან იცავს.
„განცხადებებში, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, არაფერი სიახლე არ არის. ეს არის იმ ყველაფრის გაგრძელება, რაზეც ვსაუბრობთ. აქ ძალიან მარტივად არის საქმე. ჯერ კანდიდატის სტატუსის თემასთან დაკავშირებით, პირდაპირ იყო მოწოდებები, რომ ქვეყანა თურმე არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, მაშინ, როდესაც ყველა მონაცემით, ყველა კრიტერიუმით გაცილებით წინ ვიყავით იმ ქვეყნებთან შედარებით, ვისაც სტატუსი მისცეს და საქართველო დაჩაგრეს, თუმცა ესეც ცხადია საზოგადოებისთვის, რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი.
მათთვის საქართველოს ხელისუფლება არის მიუღებელი, იმიტომ, რომ ჩვენ არავის ვაძლევთ შესაძლებლობას, საქართველოს ინტერესები ბოროტად იქნას გამოყენებული, ქვეყანაში იყოს მეორე ფრონტი, დაპირისპირება და ის უბედურება, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია. ამის შესაძლებლობას არ მივცემთ არავის“, - განაცხადა კახა კალაძემ.