ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში ჩატარებული ძიუდოს ევროპირველობის დასრულების შემდეგ გადაწყდა, რომ 2026 წელს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატს საქართველოს დედაქალაქი თბილისი უმასპინძლებს.
საქართველოს ამ მიმართულებით გამოცდილება გააჩნია, ვინაიდან 2009 წელს ეს უპრესტიჟულესი ტურნირი სწორედ თბილისში ჩატარდა. სამწუხარო ფაქტია, რომ შინაურულ ევრო პირველობაზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოქროს მედალი ვერ მოიპოვეს; ვერცხლის მედალი მიიღო - ვარლამ ლიპარტელიანმა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ნესტორ ხერგიანი და ლევან წიკლაური დაეუფლნენ.
ინფორმაციაზე სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა ევროპული ძიუდოს კავშირის პრეზიდენტმა ლასლო ტოთმა, რომელმაც კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ევროპის ჩემპიონატის მასპინძლად არჩევასთან დაკავშირებით:
“უაღრესად ბედნიერი და აღფრთოვანებული ვარ, რადგან ჩვენ ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას 2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის თაობაზე. მჯერა, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა სპორტის ამ სახეობაში. ქართველ ხალხს უყვარს და ესმის ძიუდო. მჯერა, რომ 2026 წელს წამყვან სპორტსმენებთან ერთად დაუვიწყარ ტურნირს ჩავატარებთ“ - აცხადებს ლასლო ტოთი
რაც შეეხება, ძიუდოს წლევანდელ ევროპის ჩემპიონატს საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობა რვა მედლით დაასრულა. ინდივიდუალურ კატეგორიაში ჩვენმა სპორტსმენებმა ორი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაოს მედალი მიიღეს და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს. ხოლო გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ჩემპიონატზე ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.