მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ერთიანი ევროგადახდის სივრცეში წევრობის განაცხადს ნოემბერში შეიტანს

6318534343050
შოთა ტყეშელაშვილი
07.09.22 12:17
948
საქართველოს პარლამენტი ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივებს დაჩქარებული წესით განიხილავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მოცულობითი საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც კი პარლამენტს უკანასკნელ წლებში განუხილავს და მისი გვერდების რაოდენობა 2,000-მდეა.

დღეს საკითხის მოსმენა პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შედგა, რომელზეც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი გამოვიდა სიტყვით. მისი თქმით, SEPA-ს წევრობაზე განაცხადს საქართველო ორგანიზაციის ნოემბრის სხდომისთვის გეგმავს. მესტვირიშვილის განმარტებით, თავად გაწევრიანების პროცესი ხანგრძლივი იქნება.

“CEPA-ს კომიტეტის შემდეგი სხდომა იგეგმება ნოემბერში და ორი თვით ადრე უნდა შევიტანოთ განაცხადი. ასევე ვიცით, რომ სხვა რამდენიმე ქვეყანა აპირებს განაცხადის შეტანას, ამიტომ ოპერატიულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ჩვენ მოვახერხოთ და ნოემბერში განაცხადი დავაფიქსიროთ, რადგანაც ეს პროცესი არის საკმაოდ რთული და დროში გაწელილი. შესაბამისად, შესაძლოა დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებებიც მოგვიწიოს, ამიტომ გადაწყდა, რომ კანონპროექტები იყოს დაჩქარებული წესით გატანილი, რათა ნოემბრისთვის მოვახერხოთ განაცხადის შეტანა,” - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.

პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტები საერთო ჯამში ცვლიან და ახლებურად აწესრიგებენ მთელ რიგ საკითხებს, რომლებიც მომხმარებლის ანგარიშების მართვას, ტრანზაქციებს, გადარიცხვებს ეხება, ასევე პროტოკოლებს, წესებს და პროცედურებს, რომლებიც მთლიანად ფინანსური სფეროს რეგულირებასთან არის კავშირში.

SEPA 36 ქვეყანას აერთიანებს, რომელთაგან 27 ევროკავშირის წევრია. ორგანიზაციის პროტოკოლები ევროკავშირში 2008 წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდა, 2014 წლისთვის სრულად ფარავდა ევროზონის ქვეყნებს, 2016 წლიდან კი გავრცელდა იმ ქვეყნებზეც, რომლებიც ევროზონის მიღმა არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები