"ვისურვებდი, [საქართველოსა და ევროკავშირს შორის] ურთიერთობის გაუმჯობესება ვნახო" - ასე გამოეხმაურა ბულგარეთის ელჩი საქართველოში, ვესელინ ვალკანოვი ჟურნალისტების კითხვას, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს EU-სთან გაფუჭებულ ურთიერთობას შუა დერეფანსა და უფრო გლობალურ ლანდშაფტზე.
"მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვისურვებდი, ურთიერთობის გაუმჯობესება ვნახო, რადგან ეს ჯანსაღი არ არის, არც საქართველოსთვის და არც ევროკავშირისთვის. ვიმედოვნებ, ორივე მხარე იპოვის გზას, დაუბრუნდეს ნორმალურ ურთიერთობას", - განაცხადა ვესელინ ვალკანოვმა.
მანვე დაადასტურა, რომ ბრიუსელში იქნება განხილვა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც ლავკანოვი ამბობს, ამ მხრივ კონკრეტული მოლოდინები არ აქვს.
"["ქართული ოცნების" პოლიტიკაზე] კომენტარს არ გავაკეთებ, ამ საკითხზე საჯაროდ არ ვსაუბრობ, არამედ ხელისუფლებასთან. ერთს გეტყვით, რომ დისკუსიები ნამდვილად იქნება. ვიმედოვნებ, რომ კარგი მსჯელობაც შედგება, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და, იმედია, კარგ გადაწყვეტილებებამდეც მივლენ. კონკრეტული მოლოდინები არ მაქვს, ამ ყველაფერს ქვეყნების ლიდერები გადაწყვეტენ", - განაცხადა ბულგარეთის ელჩმა საქართველოში.
დღეს, 20 ნოემბერს, ევროკავშირი–საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია იმართება.
კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურ ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და რეფორმებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ვაჭრობის გამარტივებას შავი ზღვის გავლით და რეგიონული ურთიერთკავშირების გაძლიერებას.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნეს ასოციაციების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების 150-მდე წარმომადგენელი საქართველოდან, ევროკავშირიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.




























