საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. ჩვენმა ნაკრებმა ყველას მოლოდინს გადააჭარბა და ექსპერტების ვარაუდის საწინააღმდეგოდ ჯგუფური ეტაპი გადალახა, რაც ისტორიული შედეგია.
მერვედფინალში “ჯვაროსნების” მეტოქე ესპანეთის ნაკრები იყო, რომელმაც ანგარიშით 4-1 გაიმარჯვა და მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა.
მარცხის მიუხედავად საერთაშორისო მედია, მაინც დადებით კონტექსტში მოიხსენიებს საქართველოს ნაკრებს, რომელიც სხვა გამოცდილი ნაკრებებისგან განსხვავებით საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა.
განსაკუთრებით გამოსარჩევია ბრიტანული გამოცემა The Telegraph, რომელმაც საქართველოს ნაკრების განადგურების მიუხედავად, ჩვენს თამაშში პოზიტიური ნიშნები შენიშნა და კლასთა შორის სხვაობის გარდა, მარცხი “ჯვაროსნების” გამოუცდელობას მიაწერა:
“ვინც “ნაპოლისა” და “ვალენსიას” მატჩებს უყურებთ, კვარაცხელიასა და მამარდაშვილის კლასის შესახებ უკვე ყველაფერი გეცოდინებათ, მაგრამ EURO 2024-ი მათი ნიჭისა და ტალანტის გამოვლენის კიდევ ერთი მაჩვენებელი იყო. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დიდი დროა და შესაძლოა, ისინი კიდევ უფრო მაღალი დონის გუნდებში გადავიდნენ. დღეს დამარცხებულ გუნდს ნათელი მომავალი აქვს, ისინი გულშემატკივრების გაოცებას კიდევ მრავალი წელი შეძლებენ. გამანდაგურებელი მარცხის მიუხედავად ისინი თავაწეულები, როგორც გმირები ისე უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში” - წერს The Telegraph-ი.
The Independent-ის მიხედვით საქართველოს ნაკრების შედეგი უდიდეს მიღწევად უნდა ჩაითვალოს, რადგან “ჯვაროსნები” პირველად იმყოფებიან ასეთ დონეზე და ამით საკუთარ გულშემატკივრებს სიამაყის საფუძველი მისცეს:
“ორ ნაკრებს შორის უდიდესი სხვაობა იყო. საქართველოს ევრო პირველობაზე დებიუტი ჰქონდა, ესპანეთი კი 12 წლის წინ ევროპის ჩემპიონი იყო. ევროპის ჩემპიონატები და მუნდიალი, რომ გამოვრიცხოთ კიდევ უფრო დიდია სხვაობა ამ ორი ქვეყნის ქალთა ნაკრებებს შორის. ქართველ ქალ ფეხბურთელებს არცერთ დიდ საფეხბურთო ღონისძიებაზე არ მიუღიათ მონაწილეობა, ხოლო ესპანელი მანდილოსნები მოქმედი ერთა ლიგისა და მსოფლიოს ჩემპიონები არიან. საქართველო ამ მატჩიდან გამომდინარე მხოლოდ გულშემატკივრებით უნდა იყოს ამაყი, რომლებიც გუნდს დაუღალავად ქომაგობდნენ და ამ ეტაპამდე მოსვლაში უდიდესი როლი შეასრულეს”, - ნათქვამია The Independent-ის სტატიაში.
ავტორიტეტული გამოცემა BBC წერს, რომ ესპანელები ადრეულ შიშს გადაურჩნენ და საქართველო დაამარცხეს:
“ესპანელებმა ამ ტურნირის ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს აჯობეს, თავის მხრივ მამარდაშვილს კი კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი ჰქონდა. ქართველების ნიჭისა და არაპროგნოზირებადობის მიუხედავად ესპანელებს თამაშზე სრული კონტროლი ჰქონდათ დამყარებული. საქართველო EURO 2024-ს ზღაპრული შედეგების შემდეგ ტოვებს, თანაც ისე, რომ მოლოდინს მნიშვნელოვნად გადააჭარბეს”, - ნახსენებია BBC-ის სტატიაში.
გერმანულმა სპორტულმა სააგენტომ Kicker-მა მატჩის დეტალური ანალიზის გარდა, იმ შედეგებზე დაწერა, რამაც საქართველოს ნაკრების გამოვარდნა გამოიწვია:
“ჯგუფური ეტაპის დიდებულად ჩატარების შემდეგ ქართველებს ესპანელებისთვის ძალები აღარ შერჩათ. ეს ის შემთხვევაა, როცა გიორგი მამარდაშვილის თავგანწირვა საკმარისი არ აღმოჩნდა. ესპანელები საოცრად აპრესინგებდნენ ქართველ ფეხბურთელებს, რამაც შედეგი გამოიღო, თუმცა ამის მიუხედავად “ჯვაროსნები” სახლში თავაწეულები უნდა დაბრუნდნენ” - წერს გერმანული გამოცემა Kicker-ი.
გავლენიანი გამოცემის Reuters-ის ცნობით ქართველები ესპანელებთან მარცხის მიუხედავად, მაინც ამაყები უნდა იყვნენ, რადგან მათ დებიუტანტისთვის შესაშური შედეგი დააფიქსირეს:
“ევროს ყველაზე დაბალ რეიტინგიანმა ნაკრებმა, მასზე 66 ადგილით წინ მყოფ ესპანეთს კონკურენცია გაუწია და დამარცხდა. კლასმა თავისი შედეგი გამოიღო, თუმცა ქართველი გულშემატკივრები მაინც მხურვალე აპლოდისმენტებით ამხნევებდნენ თავიანთ ფეხბურთელებს”, - წერია Reuters-ის ველში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები თავისთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა, ხოლო ესპანეთის ნაკრები 5 ივლისს მეოთხედფინალში, გერმანიას დაუპირისპირდება.