საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Salt Projects-ის დამფუძნებლების განცხადებით, საქართველო ევროპული ოჯახის წევრი აუცილებლად უნდა გახდეს.
ასე უპასუხეს ვალერი ჩეხერიამ და ლევან ბერულავამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც ტურიზმის და მთლიანად საქართველოს განვითარებისთვის ევროინტეგრაციის და სტაბილურობის მნიშვნელობას შეეხებოდა.
„საქართველო ევროპაა და აუცილებლად უნდა იყოს ევროპული ოჯახის წევრი“, - ამბობს ლევან ბერულავა.
„ჩვენც, რასაკვირველია, ევროპულ პროექტებს ვახორციელებთ“, - აცხადებს კომპანიის მეორე თანადამფუძნებელი ვალერი ჩეხერია.
რას უნდა დაესვას წერტილი ტურიზმში? - ვკითხეთ გამოცდილ ჰოტელიერებს, რაზედაც ორივემ ერთხმად გვიპასუხა - „არაპროფესიონალიზმს და უხარისხობას“.
„ხარისხი არის საერთაშორისო ტურისტების შემოდინების ერთ-ერთი განმსაზღვრელი“, - ამბობს ლევან ბერულავა.
„წერტილთან“ ინტერვიუში საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Salt Projects-ის დამფუძნებლებს ტურიზმში მიმდინარე ტენდენციებიც შევაფასებინეთ - [როგორც ცნობილია, ცხრა თვეში გაზრდილია როგორც საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, ისე ტურიზმიდან შემოსავლები] - ორივე ამბობს, რომ ზრდა კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია, მეტი მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვა.
„რასაკვირველია, ყველანაირი ზრდა კარგია, რაც ამ ზაფხულს, ნამდვილად ეტყობოდა ტურიზმის სექტორს... ერთადერთი, ვისურვებდი - რაც Galt&Taggart-ის კვლევამაც აჩვენა - რეგიონებში უფრო მეტად განაწილდეს ტურისტების ნაკადები - მაგალითად, აზიური ბაზრებიდან, მათ შორის ინდოეთიდან წამოსული ტურისტული ნაკადები, რომლებსაც უფრო მეტად აინტერესებთ ეკოლოგიური გარემო, დასვენება და ასე შემდეგ... თუმცა, რაც ძალიან დაგვაკლდა ქვეყანაში და თბილისში, ეს არის ის, რომ ადრე ძალიან ბევრი ღონისძიება იმართებოდა, ძალიან ბევრი სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენცია, ფორუმი და კონცერტი ტარდებოდა და ახლა ამის ნაკლებობას განვიცდით; მსგავს ღონისძიებებს მოჰყავს განსაკუთრებული, ნიშური ტურისტი, რომელსაც აინტერესებს შენი ქვეყანა, აინტერესებს შენი ქვეყნის გასტრონომია... შეიძლება, ისინი უფრო მოკლევადიანი ტურისტები არიან - მხოლოდ ორი დღით რჩებიან, მაგრამ უფრო მეტს ხარჯავენ, რაც ქვეყნის გაპიარებას, რესტორნების დაატავირთვას თუ ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხმარება, რასაც თავის მხრივ, მეტი ტურისტი მოჰყვება. რესტორნებში ჩეკის საშუალო ზომა, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით, 20%-ით არის გაზრდილი, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით სასტუმროს ოთახების ფასზე. ამდენად, როცა მეტი და დიდი ღონისძიებები გვექნება, თბილისიც მეტად დაიტვირთება“, - განმარტა ვალერი ჩეხერიამ.
ლევან ბერულავა მიიჩნევს, რომ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოსაზიდად, როგორც სახელმწიფომ, ისე კერძო სექტორმა ძალისხმევა უნდა გააერთიანოს და გააძლიეროს.
„ვისურვებდი, რომ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების რიცხვი ე.წ. ლაქშერი სეგმენტის წილი გაიზარდოს. ეს ნიშნავს უფრო ხარისხიან სერვისს, რადგან ასეთი სეგმენტი იქ მოგზაურობს, სადაც ხარისხიანი პროდუქტი იქმნება. შესაბამისად, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორი ყველანაირად უნდა ცდილობდეს ამ მიმართულების გაძლიერებას, რათა ყოველწლიურად კი არ დაგვაკლდეს, არამედ გავზარდოთ ლაქშერი ტურიზმის სეგმენტი საქართველოში. რა თქმა უნდა, მას-პროდუქტი, შემოსავლების თვალსაზრისით და ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვისურვებდი ლაქშერი მიმართულება არ დავკარგოთ“, - აღნიშნა ლევან ბერულავამ.




























