საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Salt Projects-ი საქართველოსა და საზღვარგარეთ სტუმარმასპინძლობის სფეროში 6 პროექტს მართავს.
როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დამფუძნებლებმა ვალერი ჩეხერიამ და ლევან ბერულავამ განაცხადა, პროექტების ჯამური ღირებულება რამდენიმე ასეული მილიონი დოლარია.
აშშ, სინგაპური, იტალია, სომხეთი - ეს ის ქვეყნებია, სადაც საქართველოს გარდა, Salt Projects-ი ამჟამად მუშაობს.
Salt Projects-ის ერთ-ერთი პირველი პროექტია 46-ნომრიანი სასტუმრო-სპა კომპლექსში აშშ-ში, ნიუ-იორკის შტატის ზედა მხარეში, ქალაქ ჰადსონში [Hudson] რომელიც soft opening-ის ფაზაშია და ოფიციალურად მომავალ წელს გაიხსნება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 75 მლნ დოლარამდეა.
კომპანიის დამფუძნებლები ჰყვებიან, რომ პროექტზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ და მმართველი პარტნიორებიც არიან.
"ჰარმონიული კონცეფცია, ადგილობრივი ფერმერების პროდუქცია, გამაჯანსაღებელი და გასტრონომიული მიმართულებები - ეს ყველაფერი ქმნის უნიკალურ გამოცდილებას სტუმრებისთვის“, - აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.
Salt Projects-ს ერთი მიმდინარე პროექტი სომხეთში აქვს. როგორც კომპანიის დამფუძნებლებმა თქვეს, უკვე მიმდინარეობს სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომელიც სავარაუდოდ, მომავალი წლის მაისში დასრულდება.
„კომპლექსი შენდება ვაიოც ძორში [Վայոց Ձոր] - ეს არის მეღვინეობის ტრადიციებით განთქმული რეგიონი სომხეთში, როგორც ჩვენთან კახეთია. მთაგორიანი რეგიონია, მდიდარი ბუნებით და კანიონებით... პირველად როცა ჩავედით, გაგვახსენდა ის დრო, როცა „ყაზბეგი რუმსის“ შექმნას ვიწყებდთ.
პროექტი წარმოშობით სომეხ ბიზნესმენს ეკუთვნის, რომელიც ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ჩვენ დაგვიკავშირდა... მთელი აქცენტი კეთდება ღვინოზე, ასევე მოეწყობა სპა, საკონცერტო დარბაზი და ა.შ. პროექტი ძალიან სწრაფად ვითარდება. ჩვენივე რეკომენდაციით, ქართველი არქიტექტორი მუშაობს. ძალიან აღფრთოვანებულები ვართ, რომ სამეზობლოში ასეთი პროექტი დავიწყეთ“, - ამბობენ ვალერი ჩეხერია და ლევან ბერულავა და იმედი აქვთ, რომ მსგავს პროექტებზე შეკვეთას აზერბაიჯანიდანაც მიიღებენ.
Salt Projects-ის დამფუძნებლების ინფორმაციითვე, სასტუმრო კომპლექსის კონცეფციებს ამუშავებენ სინგაპურსა და იტალიაშიც და თითოეული პროექტის საინვესტიციო ღირებულება რამდენიმე ათეული მილიონი დოლარია.
„ვმუშაობთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ იტალიელ ბიზნესმენთან, რომლის მფლობელობაშიც არის იტალიური კოსმეტიკური ბრენდი Davines-ი. ამჟამად, სასტუმრო კომპლექსის კონცეფციას ვამუშავებთ, რომელიც ქალაქ პარმაში აშენდება”, - ამბობს ლევან ბერულავა.
„კიდევ ერთი პროექტი, რომლის კონცეფციას ვამუშავებთ, სინგაპურს უკავშირდება. ამ პროექტში ჩვენი პარტნიორი იყო აშშ-ის პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი. ჯერ მხოლოდ კონცეფციის ეტაპზე ვართ და იმედია, მეორე ფაზაზეც გადავალთ“, - დასძინა ვალერი ჩეხერიამ.
რაც შეეხება საქართველოში Salt Projects-ის პროექტებს, როგორც კომპანიის დამფუძნებლები ამბობენ, სულ ოთხ პროექტზე მუშაობენ, რომელთაგან სამი თბილისშია, ხოლო ერთი - რესტორნის პროექტი - ბათუმში. ასევე, სასტუმრო და მრავალფუნქციური კომპლექსის სამი მიმდინარე პროექტი გვაქვს თბილისში“, - აღნიშნეს კომპანიის დამფუძნებლებმა.
ვალერი ჩეხერია და ლევან ბერულავა მზად არიან, Salt Projects-ის პორტფელის გაზრდისთვის, რაც ახალი პროექტების შექმნა-განვითარებას ან არსებული სასტუმროების მართვას ნიშნავს.




























