მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ევროპის საპატენტო სივრცეში სრულ ინტეგრაციას გეგმავს - ლევან ჟორჟოლიანი

ლევან ჟორჟოლიანი

თბილისში, საერთაშორისო კონფერენცია „კვლევებიდან შედეგებამდე – პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“ გაიხსნა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიებაზე მთავარი ყურადღება ევროპის საპატენტო სისტემაში საქართველოს ინტეგრაციას და იმ სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას დაეთმო, რომელიც ინოვაციების ეკონომიკურ ღირებულებად გარდაქმნას შეუწყობს ხელს.

კონფერენცია მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა გახსნა. მან თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტული საკითხია ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება და ძლიერი ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბება.

ჟორჟოლიანის განცხადებით, საქართველოსა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის გაფორმებული ვალიდაციის შეთანხმება მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომელიც ევროპული პატენტების საქართველოში სამართლებრივ აღიარებას უზრუნველყოფს.

მისივე თქმით, 2025 წელს საქართველომ ოფიციალურად გამოხატა ინტერესი ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთების თაობაზე, რაც ქვეყნის ევროპულ საპატენტო სივრცეში სრულ ინტეგრაციასა და ორგანიზაციის წევრობას ნიშნავს.

„პატენტი წარმოადგენს არა მხოლოდ სამართლებრივ მექანიზმს, არამედ ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც ქმნის პროგნოზირებად და სანდო გარემოს ინოვატორებისთვის, ბიზნესისთვის და ინვესტორებისთვის“, - აღნიშნა ლევან ჟორჟოლიანმა.

ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, მხოლოდ სამართლებრივი ჩარჩოს არსებობა საკმარისი არ არის. აუცილებელია საპატენტო სისტემის სრული ინტეგრირება ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციების მხარდაჭერის პროცესში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები