ისეთივე ხელშესახები შედეგი, როგორც უვიზო მიმოსვლის რეჟიმი - ევროკავშირი საქართველოსთვის კიდევ ერთი შესაძლებლობის გახსნისთვის ემზადება. ევროკომისია მზად არის ევროპულ საბჭოს როუმინგის სისტემაში საქართველოს ჩართვის წინადადებით მიმართოს. ეს დაპირება 20 თებერვალს საქართველომ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრისგან მიიღო. ოლივერ ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ამ კუთხით საქართველოს მთავრობამ საჭირო ნაბიჯები ძალიან სწრაფი ტემპით გადადგა და როგორც ჩანს, ევროპულ როუმინგთან მიერთება, რის შანსზეც წლებია ვსაუბრობთ, რეალობას უახლოვდება.
როუმინგი, თანაც იაფი - ციფრულ ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო სერვისია. ნებისმიერ ქვეყანაში ჩასვლისას პირველი საჭიროება ალბათ ყველასთვის საკომუნიკაციო ქსელის გამართვაა. თუმცა როუმინგი, რომელმაც ეს დისკომფორტი უნდა აგვარიდოს, ბოლო წლებში გაიაფების მიუხედავად, ქართველი მოგზაურების უმეტესობისთვის, მაინც ძვირი და მოუხერხებელია. მოგზაური ეძებს ალტერნატიული გზას, რის გამოც ადგილობრივ სიმბარათს ყიდულობს და უცხო სერვისთან ადაპტირებას ცდილობს.
თავის მხრივ როუმინგი მობილური ოპერატორების შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. რა შემოსავალი მიიღეს მობილურმა ოპერატორებმა როუმინგული მომსახურებიდან 2023 წელს ჯერ უცნობია, 2022 წელს კი, ამ მაჩვენებელმა 28 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 7 მილიონი გასული როუმერებიდან მიღებული საცალო შემოსავალი, ხოლო 21 მილიონი - შემოსული როუმერების მომსახურებისთვის მიღებული შემოსავალი იყო. როუმინგიდან შემოსავალი გამორჩეული იყო 2019 წელს და ის 44 მლნ-ს შეადგენს.
რა სჭირდება საქართველოს ევროპის როუმინგულ სივრცესთან მისაერთებლად და რა ვადაში შეიძლება ხელშესახები შედეგის დანახვა?