მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საქართველო გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის - ევროკომისიის პრესსპიკერი

ეუ

ევროკომისიის პრესსპიკერმა გაფართოების, საერთაშორისო პარტნიორობისა და ხმელთაშუა ზღვის საკითხებში, გიომ მერსიემ, "ევროსკოპის" კითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ საქართველო მომავალ კვირას ბრიუსელში დაგეგმილ გაფართოების ფორუმზე მიწვეული არ არის.

როგორც გიომ მერსიემ აღნიშნა, საქართველომ კანდიდატი ქვეყნისთვის უპრეცედენტო დემოკრატიული უკუსვლა დააფიქსირა და ამჟამად მასთან პოლიტიკური კონტაქტი შემცირებულია.

"გაფართოების ანგარიშმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო სულ უფრო შორდება ევროკავშირის გზას. ანგარიშის მიხედვით, დაფიქსირდა უკუსვლა ევროკავშირის გაწევრიანების რეფორმების მიმართულებით - რაც ნამდვილად უპრეცედენტო შემთხვევაა კანდიდატი ქვეყნისთვის. მდგომარეობა ბოლო რამდენიმე თვეში გაუარესდა და ჩვენ ვაკვირდებით დემოკრატიულ უკუსვლას.

რაც შეეხება საქართველოს გაწევრიანების პროცესს, როგორც კარგად იცით, 2024 წელს ევროპის საბჭომ დაასკვნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია.

რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასთან, როგორც ცნობილია, ჩვენ შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტები ხელისუფლების წარმომადგენლებთან, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მიზნად ისახავს არსებული მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნას.

და, რაც შეეხება გაფართოების ფორუმს, შემიძლია დავადასტურო, რომ არსებული ფონის გათვალისწინებით, საქართველო არ ყოფილა მოწვეული გაფართოების ფორუმზე", - განაცხადა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები