მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო იზიარებს უკრაინელი ხალხის განსაცდელს, ბუჩამდე აფხაზეთი იყო - სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი
15.06.24 22:26
5193

საქართველო იზიარებს უკრაინელი ხალხის განსაცდელს, „ბუჩამდე აფხაზეთი იყო“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შვეიცარიაში მიმდინარე მშვიდობის გლობალურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ეს ომი უნდა დასრულდეს და გზა დაეთმოს მშვიდობას უკრაინაში და ევროპაში.

ომი არა უკრაინაში, არამედ უკრაინის წინააღმდეგ 800 დღეზე მეტია გრძელდება. უდანაშაულო ადამიანების დაკარგვის, განადგურებისა და ეკონომიკის ნგრევის 800 დღე. 800 დღეა, უკრაინელები იბრძვიან თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ასევე ევროპის თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის, ასევე, დემოკრატიის იდეალებისა და კანონის უზენაესობის დაცვის, შენარჩუნებისა და აღდგენისთვის.

ჩემი ქვეყანა, საქართველო იზიარებს უკრაინელი ხალხის განსაცდელს, რომელიც ჩვენც გამოვიარეთ. „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ - ეს ფილმის სათაურია და დიახ, - უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომამდე იყო ომი საქართველოს წინააღმდეგ და არა ერთხელ, არამედ მრავალჯერ, უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციამდე იყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

ასე რომ, ჩემი ქვეყანა იზიარებს ადამიანების განადგურებისა და ბავშვების იძულებით გადაყვანის გამო გამოთქმულ იმ შეშფოთებას, რომელშიც დღეს უკრაინა ცხოვრობს.

ჩემი ქვეყანა იზიარებს შეშფოთებებს არასტაბილურობისა და კონფრონტაციის შესახებ, რაც რუსეთმა თანამშრომლობისა და კავშირბადობის ნაცვლად შავ ზღვაზე შემოიტანა; ასევე ახდენს შავი ზღვის მილიტარიზაციას, როდესაც გეგმავს ახალი, დამატებითი სამხედრო-საზღვაო ბაზის განთავსებას საქართველოს ტერიტორიაზე, აფხაზეთის რეგიონში.

ჩემი ქვეყანა იზიარებს ბირთვული უსაფრთხოების შესახებ შეშფოთებებს ჩერნობილის კატასტროფის შედეგების განცდის შემდეგ.

ყველა ამ მიზეზის გამო ჩვენ ვიზიარებთ რწმენას, რომ უკრაინის წინააღმდეგ ეს ომი უნდა დასრულდეს და გზა დაუთმოს მშვიდობას უკრაინაში და მშვიდობას ევროპაში; ეს მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, როდესაც რუსეთი გაიაზრებს, რომ მას, როგორც სხვა ნებისმიერ სახელმწიფოს, აქვს საზღვრები და ჰყავს მეზობლები.

საერთაშორისო საზოგადოება და უსაფრთხოების ახალ არქიტექტურა მხოლოდ მაშინ იარსებებს, როცა დიდი ქვეყნები და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანა აღიარებს თავის მეზობლებს, პატივს სცემს მათ და მათ ტერიტორიულ მთლიანობას. Слава Україні, - წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები