საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა ორი სასესხო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ADB-ი საქართველოს, დაახლოებით, 45 მლნ ევროს ოდენობის სესხს გამოუყოფს. თანხა კი კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა/პროექტის განხორციელებას მოხმარდება.
სასესხო შეთანხმებებს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამიმ მოაწერეს.
კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტი ითვალისწინებს აღმოსავლეთ საქართველოში სოფლის მეურნეობის სისტემების გაძლიერებას. კერძოდ: კახეთის რეგიონში, ქვემო სამგორის მარცხენა მაგისტრალური არხისა და მასთან დაკავშირებული სარწყავი სისტემის მოდერნიზაციას.
კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა მოიცავს საირიგაციო პოლიტიკისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად, ქვეყნის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს გაუმჯობესებას, წყლის ეფექტურად გამოყენების გაუმჯობესებას, სარწყავი სისტემის ფინანსური მდგრადობის მისაღწევად, მმართველობისა და მართვის კონტროლის გაძლიერებას, რათა გაიზარდოს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა და ეფექტურობა და სარწყავი სისტემის მდგრადობა კლიმატის ცვლილების პირობებში.
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი.