განათლების სამინისტრო აზიის განვითარების ფონდისგან 68,198,000 ლარის სესხს მიიღებს.
საქმე ეხება „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამის“ მეორე ეტაპს, რომლისთვისაც 68,198,000 ლარი გამოიყოფა.
დღეს,განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტები განიხილეს და მხარი დაუჭირეს. მომხსენებელმა, გიორგი კაკაურიძემ თქვა, რომ ფაქტი უპრეცედენტოა და პირველად ხდება, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი ლარში გასცემს სესხს. მისივე განმარტებით, ეს ლარის მიმართ სანდოობის ზრდაზე მიუთითებს.
"ქართული ოცნების" მთავრობის ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში - „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამის“ პირველი ეტაპისთვის (რაც გულისხმობს ქვეპროგრამა 1-ის აღსრულებას) 42,416,000 ევროს ოდენობით ფინანსური რესურსი უკვე გამოიყო ეს კი, პროგრამის მეორე ნაწილია
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, პირველი ქვეპროგრამის მსგავსად, ქვეპროგრამა 2-ის ძირითადი მიზანია პროფესიული განათლებისა და სწავლების სექტორის მხარდაჭერა.
ბანკის მიერ შეთავაზებული ძირითადი სასესხო პირობებია:
- სესხი უნდა დაიფაროს 15 წელში. აქედან, 3 წელი საშეღავათო პერიოდია;
- საპროცენტო განაკვეთის ტიპი, (იქნება თუ არა ცვლადი) დაზუსტდება ჩამორიცხვის მომენტში;
- ვალუტა:ლარი;
- სესხის ვალდებულების გადასახადი, რომელიც ერიცხება სესხის აუთვისელებლ თანხად 0.15% იქნება.