საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში 2030 წლისთვის 13-14 მილიონ უცხოელ ვიზიტორს ელოდებიან. აღნიშნულს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები აფასებენ და ამბობენ, რომ ეს დღევანდელი ვითარების ფონზე ძალიან ამბიციური განცხადებაა.
“ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, 12 მილიონი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურა არაა მოწყობილი, არის კატასტროფა, ქვეყანა ვერ გაუმკლავდება და ვერ უმასპინძლებს სტუმრებს, როდესაც ყველა მიმართულებით პრობლემაა. ქვეყნის გამტარიანობა არ არის მორგებული მასობრივ ტურიზმზე. გარდა იმისა რომ აზიანებს ბუნებას, გარემოს, ინფრასტრუქტურა არ არის მზად, არ გვაქვს საპირფარეშოები, მოწყობილი გზები, ტროტუარები ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ეს პრობლემები დგას დედაქალაქშიც და აღარ ვსაუბრობ უკვე რეგიონებზე, სადაც კატასტროფაა, “ - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” სათავგადასავლო ტურიზმის სპეციალისტმა და გიდმა ნუცა ცქიმანაურმა ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ეკონომიკის 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციის დროს, ტურიზმის არსებულ მაჩვენებლებსა და პროგნოზებზეც ისაუბრა. მინისტრის თქმით, საქართველო 2030 წლისთვის 13-14 მილიონ უცხოურ ვიზიტორს უმასპინძლებს, რომლებიც ქვეყანაში 6,5 მილიარდ დოლარს დახარჯავენ.