ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მოლდოვის რესპუბლიკის სოციალური დაზღვევის ეროვნულ ოფისს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მემორანდუმი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს, მიზნად ისახავს, სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში, პარტნიორობას.
კერძოდ, მონაწილეები საკუთარი კომპეტენციისა და მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ისეთ სფეროებში ითანამშრომლებენ, როგორებიცაა: საპენსიო უზრუნველყოფის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის გაუმჯობესება; სფეროში განხორციელებული ახალი მიდგომებისა და რეფორმების უზრუნველყოფა; ინოვაციურ მიდგომებზე დაფუძნებული საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ელექტრონული სერვისების გამოყენება; ასევე - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის გაძლიერება.
დოკუმენტში, ასევე, ხაზგასმულია სოციალური დახმარების სისტემაში თაღლითობისა და არასწორი პრაქტიკების გამოყენების შემთხვევების პრევენცია.
დოკუმენტს ხელი ჯანდაცვის სამინისტროში, სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ჭანტურიამ და მოლდოვის რესპუბლიკის სოციალური დაზღვევის ეროვნული ოფისის დირექტორმა ელენა ტიბირნამ მოაწერეს.