მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველო მზადაა, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან" - ირაკლი კობახიძე ლი ციანს შეხვდა

ლი ციანი

"ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ლი ციანს შეხვდა. შეხვედრა ჩინეთში, საერთაშორისო იმპორტის გამოფენის ფარგლებში გაიმართა, სადაც საქართველო წელს პირველად მონაწილეობს საპატიო სტუმრის სტატუსით.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძემ ლი ციანს მადლობა გადაუხადა მიწვევისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა პოზიტიურად ვითარდება. მხარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის მნიშვნელობას სავაჭრო-ეკონომიკურ, ტურიზმისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, ასევე სარტყელისა და გზის ინიციატივისა და შუა დერეფნის განვითარების კუთხით.

„საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის საფუძველზე. გულწრფელად ვაფასებთ ჩინეთის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველო, თავის მხრივ, უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. ჩინეთი ჩვენი უდიდესი სავაჭრო პარტნიორების ოთხეულშია და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ ორმხრივი ვაჭრობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

ჩინეთი ისტორიულად წარმოადგენს აბრეშუმის გზის ცენტრალურ საყრდენს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა ვაჭრობასა და კულტურულ ურთიერთობას. საქართველო, როგორც შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი, მზად არის, გააფართოოს თანამშრომლობა ჩინეთთან რეგიონული დაკავშირებადობისა და ვაჭრობის შემდგომი ხელშეწყობის მიზნით.ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის პოზიტიური დინამიკა და მაღალი დონის ურთიერთობები გაგრძელდება და კიდევ უფრო განმტკიცდება, რაც კავშირების გაღრმავებისა და ჩვენი ხალხების გრძელვადიანი კეთილდღეობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას ადასტურებს“ - განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მხოლოდ 2025 წლის იანვარ-აგვისტოში შუა დერეფნით გადაზიდული კონტეინერების რაოდენობა 70.6%-ით გაიზარდა, ხოლო ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები 229%-ით მოიმატა წინა წელთან შედარებით.

ჩინეთის პრემიერმა ლი ციანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის და აღნიშნა, რომ თბილისსა და პეკინს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა.

„2023 წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დამყარდა სტრატეგიული პარტნიორობა და მას შემდეგ ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება. ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია, გავაფართოოთ პრაქტიკული თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს,“ - განაცხადა ლი ციანმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. დოკუმენტებს ხელი მოაწერეს "ოცნების" მთავრობის მინისტრებმა მარიამ ქვრივიშვილმა, დავით სონღულაშვილმა და ჩინეთში საქართველოს ელჩმა პაატა კალანდაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები