მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ოლიმპიურ თამაშებზე 28 სპორტსმენით წარდგება

საქართველო პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 2024

წელს პარიზი ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, რომელიც სტარტს 26 ივლისს აიღებს. ტურნირზე საქართველოც იღებს მონაწილეობას, თუმცა ჩვენი გუნდი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე მცირე დელეგაციით გაემგზავრება. საფრანგეთში სულ 28 სპორტსმენი მიდის, აქამდე ანტირეკორდი აშშ-ში 1996 წელს ატლანტაში გამართულ თამაშებზე დაფიქსირდა, 34 სპორტსმენით, ხოლო რეკორდულად ბევრი 40 ათლეტი 2016 წელს რიოს ოლიმპიადაზე გაემგზავრა.

ამ დროისთვის ოლიმპიური ლიცენზიები მოპოვებული აქვთ:
თავისუფალ ჭიდაობაში: გოდერძი ძებისაშვილი, ვლადიმერ გამყრელიძე, გივი მაჭარაშვილი და გენო პეტრიაშვილი.
ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში: რამაზ ზოიძე, რობერტ კობლიაშვილი და ლაშა გობაძე.
ძიუდოში: გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ილია სულამანიძე, გურამ თუშიშვილი, ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფიო სომხიშვილი.
ამასთანავე ძიუდოში ისტორიაში პირველად გუნდური ლიცენზიაც გვაქვს მოპოვებული და შესაბამისად, სპორტის ამ სახეობაში ყველაზე მეტი - 11 ლიცენზია მოგვიგროვდა.
მოწვევითი ბარათით ე.წ. Wild Card-ით ორი სპორტსმენი იასპარეზებს ცურვაში და ერთიც მძლეოსნობაში.
ძალოსნობაში: ლაშა ტალახაძე, შოთა მიშველიძე და ირაკლი ჩხეიძე.
კრივში: ლაშა გურული და გიორგი ყუშიტაშვილი.
ფარიკაობაში: სანდრო ბაზაძე.
ბატუტზე ხტომაში: ლუბა გოლოვინა.
ტყვიის სროლაში: ნინო სალუქვაძე.

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 1996 წლიდან მონაწილეობს და ისტორიულად შემდეგი რაოდენობის ათლეტები ასპარეზობდნენ:

ატლანტა 1996 - 34 სპორტსმენი, სიდნეი 2000 - 36 სპორტსმენი, ათენი 2004 - 32 სპორტსმენი, პეკინი 2008 - 35 სპორტსმენი, ლონდონი 2012 - 35 სპორტსმენი, რიო 2016 - 40 სპორტსმენი, ტოკიო 2020 - 35 სპორტსმენი, პარიზი 2024 - 28 სპორტსმენი.

დამოუკიდებელი საქართველოს ათლეტებს ჯამში - 40 მედალი აქვთ მოპოვებული, საიდანაც 10 ოქროა, 12 ვერცხლი და 18 ბრინჯაო.

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ერთით მეტი წარმომადგენელი გვყავდა კრივში და ძალოსნობაში. ასევე ნიკოლოზ ბასილაშვილის სახით ჩოგბურთშიც გვყავდა წარმომადგენელი, ხოლო კარატეში გოგიტა არქანია მონაწილეობდა. მათ გარდა მონაწილეობდნენ 2 მოცურავე, 4 მძლეოსანი, 7 მოჭიდავე და 9 ძიუდოისტი.

პარიზის ოლიმპიური თამაშების ყველა მონაწილის ვინაობას საბოლოოდ 8 ივლისს გავიგებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები