მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"საქართველო რეგიონული ბაზრების დასაკავშირებლად ბუნებრივი კარიბჭეა" - თამარ იოსელიანი საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმზე

თამარ იოსელიანი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა. მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყნებს შორის არსებობს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი შესაძლებლობები ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ვაჭრობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და სხვ.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს პრესრელიზში წერია, სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე შუა დერეფნის განვითარების მიმართულებით და აქცენტი გააკეთა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განვითარებაც გაზრდის დერეფნის გამტარუნარიანობას და კონკურენტუნარიანობას. მათ შორის, თამარ იოსელიანმა დაასახელა საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ - დასავლეთის ავტომაგისტრალი, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და სხვ.

„საქართველო რეგიონული ბაზრების დასაკავშირებლად ბუნებრივი კარიბჭეა. ბოლო წლებში, ტრანსკასპიურმა საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტმა, რომელიც ფართოდ არის ცნობილი, როგორც შუა დერეფანი, განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ამ კუთხით, საქართველომ აჩვენა, რომ არის საიმედო და ეფექტური დამაკავშირებელი ჰაბი აზიასა და ევროპას შორის. 2032 წლისთვის ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზებას ქვეყნის მასშტაბით სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

ბიზნეს ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის შესახებ პრეზენტაციები გააკეთეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ების სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ წარმომადგენლებმა.

„საქართველო-იაპონიის ბიზნეს ფორუმი 2026“ იაპონიის საელჩოს ორგანიზებით, საქართველო-იაპონიის ბიზნეს ასოციაციასა და იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) სტამბოლის ოფისთან პარტნიორობით გაიმართა. ფორუმს სახელმწიფო უწყებების, წამყვანი ქართული და იაპონური კომპანიების წარმომადგენლები და ინვესტორები ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, იაპონია უცხოური ინვესტიციების მოცულობით ათეულში შედის. გასული წლის მესამე კვარტალში ამ ქვეყნიდან 19,9 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, თუმცა I-II კვარტალებში იაპონიიდან ინვესტიციები უარყოფითი იყო (-37,9 მლნ აშშ დოლარი და -7,1 მლნ აშშ დოლარი). მეოთხე კვარტალის მონაცემები ჯერჯერობით არაა ცნობილი. რაც შეეხება 2024 და 2023 წლებს, იაპონიიდან FDI-ის მოცულობა 63,9 მლნ აშშ დოლარი და 69,3 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც რეკორდული წელი იყო ამ ქვეყნიდან შემოსული ინვესტიციების მოცულობის თვალსაზრისით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები