მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო რომ კომპანია იყოს, რა დიაგნოზს დაუსვამდით? – ACT-ის დამფუძნებლის პასუხი

641c428d0d67a
თელარა გელანტია
24.02.23 10:00
128
კვლევისა და მენეჯმენტის საკონსულტაციო გლობალური კომპანია ACT-ის დამფუძნებელ თინათინ რუხაძის შეფასებით, „საქართველოს ბიზნესგარემოს ექსტრემი და თავგადასავლები არ აკლია, მაგრამ ბიზნესი მოქნილია და სწრაფად ადაპტაციას ახერხებს“. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს ბიზნესგარემოს გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა.

- საკუთარი კომპანიის მაგალითზე ვიტყვი, რომ პანდემიის დაწყების წინ ჩვენ სწრაფად გადავეწყვეთ და სწრაფად მოვერგეთ ახალ რეალობას. რა თქმა უნდა, ამაში გამოცდილება დაგვეხმარა. შემდეგ იყო რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე ცვლილებები და ამ შემთხვევაშიც სიმტკიცე გამოვიჩინეთ. იმავეს ვიტყოდი სხვა კომპანიებზეც. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემოს გამოწვევაა თავად ბაზრის ზომა, რომელიც ძალიან პატარაა; ძალიან ცოტაა ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია. არაფერს ვამბობ ბიზნესკლიმატზე ქვეყნის შიგნით - პოლიტიკური არასტაბილურობა, რა თქმა უნდა, ხელისშემშლელია ბიზნესისთვის. გამოწვევაა კომპეტენციის ნაკლებობაც.

- ბაზრის ზომას ალბათ ვერ შევცვლით, მაგრამ რისი შეცვლაც შეგვიძლია ბიზნესგარემოს მიმზიდველობის გაზრდისთვის, ამ კუთხით რას უნდა ვაკეთებდეთ?

- ვფიქრობ, ქვეყანას, როგორც ნებისმიერ ორგანიზაციას ისე უნდა შეხედო - მას სჭირდება ხედვა, მართვა ანუ ნება, რომ ეს ქვეყანა გახდეს წარმატებული და თავისი ადგილი დაიმკვიდროს სამყაროში. ჩვენ თუ ჩვენს ქვეყანას ისე შევხედავთ, რომ ვართ პატარა, საწყალი ქვეყანა და სულ ვიღაც უნდა დაგვეხმაროს, არ მესმის, რატომ უნდა ვიყოთ ვინმესთვის საინტერესო. ჩვენ უნდა დავინახოთ, რა სარგებელი მოგვაქვს ამ სამყაროსთვის და რატომ ვარსებობთ. ამდენად, ვფიქრობ, პირველ რიგში, ეს უნდა გავაცნობიეროთ და თუ გვინდა, რომ რამე მივიღოთ, გაცემისთვის მზად უნდა ვიყოთ; უნდა გვესმოდეს რას ვაძლევთ მსოფლიოს, რომ ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ. მე ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოს კაცობრიობისთვის ძალიან ბევრი რამის მიცემა შეუძლია.

- ისე, საქართველოს რომ შეხედოთ როგორც ACT-ის ერთ-ერთ კლიენტ კომპანიას - რა დიაგნოზს დაუსვამდით, გვეტყობა, რა ხედვა გვაქვს და საით გვინდა წასვლა?

- მე ახლა ვხედავ, რომ ხალხის ხედვა, შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს მმართველი ძალის ხედვისგან. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დეკლარირებულ ხედვას და კონსტიტუციით გარანტირებულ გზას გავყვებით ევროპისკენ, თუმცა ძალიან მაშფოთებს ხოლმე ის მომენტები, როდესაც ეს ხედვა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

- რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?

- წერტილი უნდა დაესვას უპასუხისმგებლობას. ვფიქრობ, პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენს თავზე, ჩვენს ოჯახებზე, ჩვენს ბიზნესზე და ჩვენს ქვეყანაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები