მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მოკლევადიანი გეგმებით იარეთ“ - "რუსული კანონი" და ACT-ის რჩევა ბიზნესებს

თინათინ რუხაძე

„მოკლევადიანი გეგმებით იარეთ“ - ასეთია საკონსულტაციო კომპანია ACT-ის თანადამფუძნებლის და მმართველი პარტნიორის თინათინ რუხაძის რჩევები სხვადასხვა ზომის ბიზნესისთვის იმ ტურბულენტურ გარემოში, რომელიც ხელისუფლების მიერ „რუსული კანონის“ მიღებამ შექმნა.

ACT-ის თანადამფუძნებელი ხაზს უსვამს სტაბილური პოლიტიკური გარემოს მნიშვნელობას ბიზნესისთვის, რათა გრძელვადიანი გეგმები დასახონ.

„ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, პულსზე გვიდევს ხელი არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო ბიზნესისა და დონორების გადაწყვეტილებებზე. ჩვენი კლიენტები არიან როგორც მცირე და საშუალო, ისე მსხვილი კომპანიები და დონორი ორგანიზაციები.

ის, რაც დღეს ხდება ქვეყანაში - პოლიტიკური არასტაბილურობა, საგარეო კურსის გაურკვევლობა ანუ ხვალ სად ვიქნებით და რა იქნება არჩევნების შემდეგ, ბუნებრივია, ბიზნესების გრძელვადიან გეგმებზე გავლენას ახდენს. მართალია, ყველა არჩევნების წინ, ბიზნესმენების შფოთვის საგანი იყო, ვინ მოვიდოდა ხელისუფლებაში, თუმცა საგარეო კურსზე კითხვის ნიშნები არასდროს ასე პირდაპირ არ დასმულა. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცას მოსწონდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება და ვიღაცას - არა, მაინც მშვიდად მივდიოდით ევროინტეგრაციის გზაზე და აქამდე, საგარეო კურსის ცვლილებაში ეჭვი არავის შეუტანია.

ამდენად, ახლა ყველა შეშფოთებული აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და რთულია გრძელვადიანი გეგმების დასახვა, რადგან არსებობს მოვლენების განვითარების სცენარი ა, სცენარი ბ, სცენარი გ და ა.შ. ამდენად, ჩვენი რეკომენდაციაა, იარონ, იმოქმედონ მოკლევადიანი გეგმებით. ბუნებრივია, ასეთი სიტუაცია განსაკუთრებით აშფოთებს მსხვილ ბიზნესს, მაგრამ მიმაჩნია, რომ ორმაგი დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება მცირე და საშუალო ბიზნესი, ვინაიდან უამრავი პროგრამა ხორციელდება დონორების მხარდაჭერით და თუ მათი პროექტები შემცირდება, ეს აისახება თითოეული თითოეული კომპანიის კეთილდღეობაზე და იმ ოჯახებზე, რომლებიც ამ მცირე და საშუალო ბიზნესების უკან დგანან“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

მისივე შეფასებით, ფაქტია, „რუსული კანონით“ საქართველოს ხელისუფლება ქართველ ხალხს და მოქალაქეების ევროპულ მისწრაფებას ღიად დაუპირისპირდა.

"არ ვიცი, მთავრობა რატომ დაუპირისპირდა ღიად ქართველ ხალხს, ამაზე პასუხი თავად უნდა გასცენ, მაგრამ რომ დაუპირისპირდნენ, ამაზე მეტყველებს ყველა კვლევა, რომელიც აქამდე გამოქვეყნებულა ან ჩვენ ჩაგვიტარებია. საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი ღიად აცხადებს, რომ საკუთარ მომავალს ევროკავშირში ხედავენ“, - აღნიშნა ACT-ის თანადამფუძნებელმა.

„წერტილში“ სტუმრობისას თინათინ რუხაძეს ვკითხეთ - რამდენად სერიოზულია „ქართული ოცნების“ ლიდერების და თავად პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებები უცნობი კვლევის შედეგებზე, რომლის თანახმად, გამჭვირვალობას მხარს უჭერს მოსახლეობის 80%, ხოლო უშუალოდ - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ – 60%.

„პირველ რიგში, ვიტყვი, რომ კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაციის დასახელების გარეშე კვლევის გასაჯაროება, პროფესიულ ეთიკას ეწინააღმდეგება; თუ კვლევის შედეგებს აქვეყნებ, აუცილებელია, გაცხადებული იყოს ვინ ჩაატარა, როდის ჩატარდა, რა მეთოდით, ცდომილება რამდენია და ა.შ.“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები